Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 დეკემბერს შარლ მიშელი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება


14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინა დღით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ჯერ ცალ-ცალკე, შემდეგ კი ერთად შეხვდება.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, რომლებთან ერთად განიხილა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებში იქნებიან ასევე ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, რომლებიც ევროკავშირის ინიციატივით, კონფლიქტის პრევენციის მიზნით, პირდაპირი ხაზის ამოქმედებას დათანხმდნენ.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის, თანახმად, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართება პროგრამაში მონაწილე ყველა ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით. ერთადერთი გამონაკლისია ბელარუსი, რომლის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების პასუხად, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამიდან ბელარუსის გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის - ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის - დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მას მერე ევროკავშირთან გააფორმეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. 2021 წლის მაისში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ დააფუძნეს.

XS
SM
MD
LG