Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ფიგურულ სრიალში პეკინის ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაზეც გამოვა


ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, მოციგურავეებმა ოლიმპიური თამაშების გუნდური შეჯიბრების განაცხადში მოხვედრა შეძლეს. ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა, მსოფლიოს სარეიტინგო ქულებისა და ოლიმპიადის სალიცენზიო ეტაპების შედეგების გათვალისწინებით, გამოავლინა ათი ქვეყანა, რომელთა ნაკრებებიც პეკინი-2022-ზე გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები ფიგურული სრიალის გუნდური მედლისთვის ბრძოლაში ჩაებმება რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან, ჩეხეთთან და უკრაინასთან ერთად.

საქართველომ პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია ფიგურული სრიალის ოთხივე დისციპლინაში მოიპოვა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ქართული ციგურაობის ისტორიაში. მომავალი ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი პირველმა ალინა ურუშაძემ შეასრულა, ცხრა თვის წინ, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. იქვე გაინაღდა პეკინის საგზური მორის ყვითელაშვილმაც. წყვილებში კი საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებას გერმანიაში მიაღწიეს, დასკვნით საკვალიფიკაციო ტურნირზე. სპორტულ წყვილებში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს ლიცენზია, ხოლო სპორტულ ცეკვებში - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ.

პეკინი-2022-ზე ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრება 4-7 თებერვალს გაიმართება. ინდივიდუალური სახეობების მედლები კი 8-19 თებერვალს გათამაშდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG