Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ სიარჰეი ციხანოუსკის 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა


ბელარუსის სასამართლომ სამშაბათს ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსაკიას მეუღლეს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ის გაასამართლეს მასობრივი გამოსვლებისა და სოციალური ზიზღისკენ მოწოდების ბრალდებით. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Belta.

ვიდეობლოგერი სიარჰეი ციხანოუსკი 2020 წლის მაისში დააპატიმრეს, როცა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ. ის ბრალდებებს უარყოფს.

ამავე საქმეზე გაასამართლეს კიდევ ხუთი ბრალდებული. მათ 14-დან 16 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.

გასამართლებულთა შორისაა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე კონსულტანტი იგარ ლოსიკი. მას 15 წლით პატიმრობა მიესაჯა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ამდენივე მიუსაჯეს კიდევ ერთ ბრალდებულს, ულაძიმირ ციგანოვიჩს. არციომ საკავსა და ძიმიტრი პაპოვს 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ, მიკოლა სტატკევიჩს - 14 წლით პატიმრობა.

სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, მის დეტალებს არ ასაჯაროებენ, ის თითქმის ხუთი თვე გრძელდებოდა.

პროცესში მონაწილე ყველა ადვოკატმა მოაწერა ხელი შეთანხმებას გაუთქმელობის შესახებ, ამიტომ პროცესის გარემოებების შესახებ არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ სტატკევიჩმა უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე და ის დაუსწრებლად გაასამართლეს.

სვიატლანა ციხანოუსკაიამ მეუღლის მაგიერ მიიღო მონაწილეობა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ, რაც ოფიციალურ გამარჯვებულად ალიაქსადრ ლუკაშენკა გამოაცხადეს, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც ლუკაშენკას მთავრობამ სასტიკი მეთოდებით უპასუხა. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ ცნობენ კანონიერ პრეზიდენტად. სვიატლანა ციხანოუსკაიამ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG