Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და დასავლეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში


მოლაპარაკებები ვენაში. 2021 წ. 3 დეკემბერი.

ირანმა მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების დასავლელ წევრებს ბრალი დასდო, რომ ისინი „განაგრძობენ ბრალდებების თამაშს“. ეს განცხადება თეირანმა გააკეთა მას შემდეგ, რაც ევროპელმა დიპლომატებმა მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანია 2015 წლის შეთანხმების კვლავ ამოქმედება, თქვეს, რომ ირანი გამოდის ახალი წინადადებებით, რომლებიც „შესაბამისობაში არ არის“ შეთანხმებასთან.

14 დეკემბერს, ინდონეზიაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად „ალტერნატივებს“ ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუკი წარუმატებელი აღმოჩნდება ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები შეთანხმების აღსადგენად, რომლის ამოცანაა ირანის ბირთვული ამბიციების მოთოკვა.

შეთანხმებამ, რომლის თანახმადაც ირანმა ვალდებულება იკისრა, შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა გლობალური სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, 2018 წელს დაიწყო რღვევა, როცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა გარიგება და ირანს კვლავ დაუწესა სანქციები. ამის საპასუხოდ თეირანმა შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა დაიწყო.

ირანსა და შეთანხმების დანარჩენ მონაწილეებს - ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს - შორის მოლაპარაკებები ხუთთვიანი პაუზის შემდეგ 29 ნოემბერს კვლავ განახლდა ვენაში. მაგრამ რაიმე წინსვლისთვის მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის კვლავ დაუბრუნდეს 2015 წლის შეთანხმებას, თუკი ირანი განაახლებს შეთანხმების პირობების დაცვას. ირანი, სხვათა შორის, მოითხოვს აშშ-ის სანქციების გაუქმებასა და გარანტიებს, რომ ვაშინგტონი არ დატოვებს მომავალში მიღწეულ შეთანხმებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG