შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებითი სივრცისთვის კულტურის სამინისტრო ლ. გუდიაშვილის ქ.N1-ში, რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრის მე-3 - მე-6 სართულების პროექტირებისა და შემდგომი სარემონტო სამუშაოების მომსახურებას ყიდულობს. ამ დრომდე სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვა ამავე შენობის პირველ-მეორე სართულის რემონტისთვის. სამუშაოების ღირებულება 182 000 ლარია და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება, შპს სპორტმშენსერვისი შეასრულებს.
სამინისტროს კონტრაქტორმა კომპანიამ დროებითი სივრცის 4 სართულისთვის უნდა შეადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტროენერგიის, ვენტილაციის, კვამლგამწოვის, ტენიანობის მარეგულირებელი და სახანძრო სისტემების გამართვა; შესწავლილი უნდა იყოს შენობის გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგომარეობა და განისაზღვროს რემონტისთვის საჭირო მასალების მოცულობები.
შესყიდვაში ახსნილია ისიც, რატომ ყიდულობს სამინისტრო ეტაპობრივად ერთი შენობის სხვადასხვა სართულის რემონტის მომსახურებას - არგუმენტად წლის დასაწყისში ამ პროექტისთვის საჭირო თანხების არარსებობაა დასახელებული. კულტურის სამინისტრო წერს, რომ გარკვეული დრო ბაზრის კვლევასაც დასჭირდა, თუმცა ბაზრის კვლევის დოკუმენტში ჩანს, რომ კომუნიკაცია მხოლოდ ერთ კომპანიასთან, სპორტმშენსერვისთან ჰქონდა უწყებას.
სწრაფ შესყიდვაში აღნიშნულია ისიც, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული "შენობის მდგომარეობა არის უმძიმესი, დღითიდღე უარესდება და ღრმავდება არსებული პრობლემები. მაგალითად ერთი და იმავე ბზარებზე გადაღებული ფოტოებზე მკვეთრად ჩანს, რომ დროის მცირე მონაკვეთში მნიშვნელოვნად არის გაუარესებული შენობის მზიდი კონსტრუქციული ნაწილი."
ხელოვნების მუზეუმი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა და გამოქვეყნდა დასკვნა ისტორიული შენობის შესახებ, სადაც ეწერა, რომ მისი აღდგენა შესაძლოა "არარენტაბელური იყოს." მინისტრმა ხელოვნების მუზეუმი ეროვნული მუზეუმის მართვის ერთიანი სისტემიდან გააცალკევა, იქ ახალი მენეჯმენტი დანიშნა და მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანა. ხელოვნების მუზეუმი პროტესტის ნიშნად არაერთმა თანამშრომელმა დატოვა - სამინისტრო არ პასუხობს კითხვას, როგორ სრულდება მინისტრის ივნისში შედგენილი ევაკუაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ავარიული შენობიდან ახალ, დროებით სივრცეში ექსპონატები და თანამშრომლები 2022 წლის თებერვალში სრულად უნდა იყვნენ გადასული.
დაწერეთ კომენტარი