NDI (აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) აქვეყნებს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგებს, რომელიც 1 სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პროცესი დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებზე, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა გააღრმავა, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა. NDI-ს თანახმად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში.
"2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს ქვეყნის დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. შედეგად, პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.
თუმცა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა“,- ნათქვამია ანგარიშში.
NDI საუბრობს პარტიული რესურსების დისბალანსზეც და იმაზეც, რომ გაზრდილი გამჭვირვალობისა და საჩივრების წარდგენის პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციას დაბალ ნდობას უცხადებდნენ.
„როგორც წინა წლებში, პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და მმართველი პარტიის თანამდებობრივი უფლებამოსილების უპირატესობებთან ერთად, ხელი შეუწყო არათანაბარ პოლიტიკურ ველს“,- აღნიშნულია ანგარიშში.
მედიასთან მიმართებით ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა“, ამასთან, „მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“.
NDI დაასკვნის, რომ არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს.
„საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა“ .
დოკუმენტი მოიცავს სარეკომენდაციო ნაწილსაც, რომლის შესრულებაში მხარდაჭერისთვის NDI მზადყოფნას გამოთქვამს:
- დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, პარტიებმა პოლიტიკური განხეთქილებების გადასალახად, საზოგადოების წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად და ამომრჩეველთა ინტერესების გასატარებლად კეთილსინდისიერი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ.
- უნდა შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები იმისთვის, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა არჩევნების პერიოდში მიუკერძოებლობა გამოიჩინონ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღკვეთონ. ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები.
- კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
- ამომრჩევლის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფის მიზნით, არჩევნების პერიოდში მედიარეგულაციები და პრაქტიკა უნდა გადაიხედოს, რათა გადაიჭრას გამოვლენილი პრობლემები, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა, მედიის მიერ არჩევნების გაშუქება, საარჩევნო სუბიექტების წვდომა მედიაზე და კანდიდატთა დებატები.
- პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებს შორის პერიოდში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩართონ. პარტიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ინკლუზიური კამპანიების გზით მათი პლატფორმები და პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებებს ასახავდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური პროგრამები და პლატფორმები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ უნდა განავითარონ. ამასთან, მათ ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების მკაფიო გზები უნდა შესთავაზონ.
NDI 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში ოთხი საერთაშორისო ექსპერტით დაკომპლექტებული გუნდით აკვირდებოდა, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე.
შესწავლის საგანი იყო საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო და გენდერისა და ინკლუზიის საკითხები.
2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავისა და ბათუმის - საკრებულოში, სადაც ყველაზე მეტი წევრი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ.
საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.
დაწერეთ კომენტარი