Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივა ილია მეორეს გააცნო


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და კურთხევა სთხოვა, - ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად კი, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან, რასაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს.

"მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე",- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის "France 24"-ისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც ის სწორედ ეროვნული შერიგების ინიციატივაზე საუბრობს:

"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს, რომლის ფრაგმენტსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.​

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის საყოველთაო შერიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს სასამართლოების მიერ ორჯერ გასამართლებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

"ქართული ოცნების" ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ, რადგან ამას მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG