Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე აღიარეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის "ტრიოს" ძალისხმევა


აღმოსავლეთის პარტნიორობის წლევანდელ სამიტზე ბელარუსის ადგილი ცარიელი იყო. ბრიუსელი, 15 დეკემბერი.
აღმოსავლეთის პარტნიორობის წლევანდელ სამიტზე ბელარუსის ადგილი ცარიელი იყო. ბრიუსელი, 15 დეკემბერი.

15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთის პარტნიორობის მე-6 სამიტი. ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერებს უმასპინძლეს მოსკოვთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა სამიტზე არ ჩასულა. ადრე მინსკმა ევროკავშირის სანქციების პასუხად განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეწყვიტოს პროგრამაში მონაწილეობა.

აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელსაც 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი, მიზნად ისახავს ევროკავშირსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვს რესპუბლიკას შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას.

სამიტში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობის აუცილებლობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

სამიტზე აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ ევროკავშირთან ურთიერთობების სიღრმე და თანამშრომლობის ხარისხი.

მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურ პრიორიტეტულ საკითხებს.

სხვა საკითხებთან ერთად, მასში ხაზგასმულია ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთობლივი ინიციატივები, რაც აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, დიფერენციაციას, ემყარება.

„დიფერენციაციისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირი მიესალმება ასოცირებული პარტნიორების ტრიოს - საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის - ძალისხმევას ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე და ცნობად იღებს მათ შორის კოორდინაციას საერთო ინტერესებზე, რომლებიც დაკავშირებულია ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციასთან, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასთან“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

სამიტზე ევროკავშირმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუხატა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღინიშნა რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით ევროკავშირის ძლიერი ჩართულობის მნიშვნელობა.

სამიტმა მიიღო ახალი დღის წესრიგი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მთელი რიგი მიზნების მიღწევას გულისხმობს, რასაც მოემსახურება 2,3 მილიარდი ევროს მოცულობის რეგიონული საინვესტიციო გეგმა (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით).

სხვადასხვა პროექტს შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერაზმუს პლუსისა" და „ჰორიზონტი ევროპის" პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG