Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი, უკრაინას დახმარება გაეზარდა


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი. მასში გათვალისწინებულია 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მიღებული დოკუმენტი დასამტკიცებლად გაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. 2021 წელს აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარი გამოუყო, ერთი წლით ადრე - 200 მილიონი.

2022 წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯები განისაზღვრა 770 მილიარდი დოლარით. ეს 5%-ით მეტია შარშანდელზე. ბიუჯეტიდან 4 მილიარდი დოლარი გაიგზავნება ევროპის თავდაცვითი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, 150 მილიონი დოლარი - ბალტიის ქვეყნების თავდაცვისთვის.

სამხედრო ბიუჯეტში მომავალ წელს არ არის გათვალისწინებული სანქციები რუსეთ-გერმანიის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის. როგორც აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, ეს პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ზიანს მიაყენებს უკრაინას, რომლის გავლითაც მიეწოდება ამჟამად ევროპას რუსეთის გაზი.

სენატორთა ჯგუფმა 15 დეკემბერს წარადგინა კანონპროექტი სანქციების შესახებ იმ შემთხვევისთვის, თუკი რუსეთი ფართო მასშტაბის ინტერვენციას განახორციელებს უკრაინაში. ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაზრდას.

თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში სენატმა ასევე მიიღო შესწორება, რომელიც ითვალისწინებს ინტერპოლის მექანიზმების პოლიტიკური მოტივებით გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას. სენატორები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ინტერპოლის ნაწილია, პოლიტიკური ოპონენტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნისთვის აგზავნიდა განაცხადებს ამ საერთაშორისო უწყებაში. სენატორები ასეთ დამრღვევთა შორის პირველ რიგში ასახელებენ რუსეთს, ჩინეთსა და თურქეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG