Accessibility links

site logo site logo

კობახიძე ასახელებს წინაპირობას, რაც შერიგების პროცესს საფუძვლად უნდა დაედოს


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

კობახიძემ დაასახელა წინაპირობა, რომელიც, მისი აზრით, საჭირო არის შერიგებისთვის.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ვიდრე ამის შეფასება არ მოხდება და ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება არის მნიშვნელოვანი. ეს არის წინაპირობა იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული. უნდა შეფასდეს პოლიტიკური ძალების წარსული, პირველ რიგში აქ იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც ჩვენ „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა და რომლის მსხვერპლი იყო უამრავი ადამიანი, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და დაამატა, - მე არ მჯერა იმის, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ეს ადამიანები აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერი შერიგების წინაპირობა“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დააზუსტა, რას გულისხმობს შეფასებაში.

„შეფასება შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ ფორმატში. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიური ფორმით. სხვადასხვა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული ამაში. ჩვენ ხომ საუბარი არ გვაქვს რაღაც ზეპირ შეფასებებზე, არამედ ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი და ფაქტებს სჭირდება სათანადო ფაქტობრივი შეფასება. მაგალითად, მიტაცებული იქნა კონკრეტული ტელევიზიები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ის იყო ხელმძღვანელი ამ რეჟიმის. მაგალითად, „ტელემედიის“ მიტაცება მოროდიორული ფორმით იყო თუ არა ეს დანაშაული? „რუსთავი 2“-ის მიტაცება კერძო მფლობელებისგან იყო თუ არა ეს მორიგი უმძიმესი დანაშაული, ეს უნდა შეფასდეს. როდესაც 10 000-მა კაცმა აჩუქა საკუთარი ქონება სახელმწიფოს, უნდა შეფასდეს თუ არა? იგივე ეხება რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიების 20%-ის დათმობას“, - აცხადებს ის.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც სასამართლო ადგენს, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის, ისიც, რომ კრიმინალი არ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. „არსებობს უმარტივესი ევროპული პოლიტიკური სტანდარტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, აღარ რჩება პოლიტიკაში. მგონი საქართველო არის სათანადოდ განვითარებული უკვე, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, რომ ეს ელემენტარული პოლიტიკური სტანდარტი დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.

ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ სალომე ზურაბიშვილს გაჰყვებიან ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ითვალისწინებს პოლარიზაციის შემცირებას.

ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროცესი უნდა დაწყოს წინაპირობების გარეშე, ვინაიდან წინაპირობები გააჩენს პოლარიზაციისა და დაპირისპირების საფუძველს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს.

ეროვნული თანხმობის მისაღწევად, სალომე ზურაბიშვილის თანახმად, საჭიროა შეიქმნას კონსენსუსის პლატფორმა - პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები გადაწყვეტენ, როგორი უნდა იყოს საუბრების შემდეგი ეტაპი, ეს უნდა იყოს უცხოელების მონაწილეობით წარმართული პროცესი, თუ უნდა იყოს „ქართული პროცესი“. პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია და გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ეს უნდა იყოს „ჩვენს მიერ მართული პროცესი“.

„ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან რაც არ უნდა იყოს მონდომება, ძალისხმევა, ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან ის გაგება ამ პროცესების, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი პროცესი და ხანგრძლივი. იმიტომ, რომ ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, ვინც ელოდება ასეთ შედეგებს არარეალისტურია", - სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ მოხერხდა პროცესის წარმატებით დაძვრა და წინ წაწევა, ეს ყველას მისცემს საშუალებას „წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები“.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას საახალწლო მიღებაზე მიწვევის შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი დასთანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა. შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადები აჩენს მოლოდინებს, რომ იქ პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემული ინტერვიუში შეეხო:

"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".

15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქსაც გააცნო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა და კურთხევა სთხოვა.

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად კი, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან, რასაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG