Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წარმომადგენლებს უმასპინძლა, თავის სიტყვით გამოსვლაში განმარტა, რატომ გადაწყვიტა ეროვნული შერიგების პროცესის წამოწყება. ისაუბრა საერთაშორისო ექსპერტების დამოკიდებულებაზე ამ საკითხის მიმართ და აღნიშნა ასევე ის, რომ არ სწყინს, მიწვევის მიუხედავად, ღონისძიებას ყველა სტუმარი რომ არ ესწრება.

სამი წელი გავიდა, ამ პერიოდში მე ამ თემაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ სიტყვა არ ყოფნის. ბევრი ვისაუბრე ასევე ამ საკითხების გარე ექსპერტებთან. ერთი საერთო დასკვნა აქვთ მათ, რომ სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, მანამდე ასეთი პროცესის დაწყება არა თუ არ ღირს, ყოველთვის ღირს, მაგრამ განკუთვნილია წარუმატებლობისკენ. იმიტომ, რომ საჭიროა მიხვიდე ბოლომდე, დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან მართლა გაჩნდეს ერთობლივი ნება პოლიტიკური წრეებისგან და საზოგადოებისგან, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მე ამიტომ ის სამი წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი [თავს], რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე, ამის მერე და ამის იქით, არა მაქვს არანაირი ამბიცია პოლიტიკური, მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ორბელიანების სასახლეში შეკრებილ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს მიმართა, რომ ამისთვის ყველა მათგანის ჩართულობაა აუცილებელი.

ამასთან დასძინა, რომ მისთვის გასაგებია, თუ რატომ არ იმყოფება ყველა მიწვეული პოლიტიკოსი მიღებაზე „არ შეიძლება, რომ პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი, ჩვეულებრივი ფორმაა და მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია [მისვლა]. ამას არ ვთვლი, არც შეურაცხყოფაა და არც უხერხულობა“, - სალომე ზურაბიშვილის თქმით, საუბრისთვის იქნება სხვა ბევრი შესაძლებლობა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას საახალწლო მიღებაზე მიწვევის შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი დასთანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა. შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადები აჩენს მოლოდინებს, რომ იქ პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემული ინტერვიუში შეეხო:

"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".

15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქსაც გააცნო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა და კურთხევა სთხოვა.

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად კი, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან, რასაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG