შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა ღამის კლუბებთან დაკავშირებულ საკითხზე. საქმე ის არის, შრომის ინსპექციის განცხადების მიუხედავად, ზოგი მათგანი დღეს, 17 დეკემბერს არ აპირებს ღონისძების გაუქმებას.
შეკითხვაზე, რამ გააჩინა განცდა, რომ 17 დეკემბერს შეძლებდნენ ღამის კლუბები მუშაობის აღდგენას? ფერაძემ უპასუხა, რომ პროტოკოლის პროექტის შემუშავება არ გულისხმობს იმას, რომ ამა თუ იმ სექტორს ეძლევა მუშაობის ნებართვა.
„სავარაუდო მზაობა ნიშნავს, იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც კონსტრუქციული მზაობა და დამოკიდებულება სექტორის მიმართ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებამდე თვითნებურად გარკვეული ანონსი უნდა გაკეთდეს ღონისძიების ჩატარება-არჩატარებაზე“, - თქვა ფერაძემ.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ, მას შემდეგ, რაც ღამის კლუბებმა გაავრცელეს ანონსები 17 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ინსპექციას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია. „ავუხსენით, რომ მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვერ იქნება ნებართვა მიცემული ვერცერთი ღონისძიების მიმართ. ეს ინფორმაცია მათ აქვთ, მიუხედავად ამისა, გარკვეულმა ორგანიზაციებმა მაინც დააანონსეს ივენთები, - თქვა მან და დაამატა, - ჩვენ გეგმური მონიტორინგის დროს თუ აღმოვაჩენთ ამა თუ იმ ღონისძიებას, მოგვიწევს რეაგირება“.
როგორც ბექა ფერაძე ამბობს, საბჭო იმსჯელებს და მიზანშეწონილად თუ მიიჩნევს, რომ უნდა გაიხსნას ესა თუ ის სექტორი, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე.
ფერაძემ ყურადღება გაამახვილა პროტოკოლის პროექტის მომზადებაზე. როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ ღამის კლუბების წარმომადგენლებთან.
„პროცესი მოიცავს ღამის კლუბებთან კომუნიკაციას, დარგობრივი კუთხით, იმისთვის, რომ მოხდეს შემუშავება რეკომენდაციების, რომლებიც წარედგინება საბჭოს და საბჭოს მოწონების შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს ეს რეკომენდაციები. მეორე, ამის შემდგომი სვლა არის, რომ 322-ე დადგენილებაში, რომლითაც ხდება ზოგადად ნებართვების გაცემა ამა თუ იმ სექტორის მიმართ, აქ, რომ გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ღამის კლუბების მუშაობა არის ნებადართული. ეს არის გზა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო დისკომუნიკაცია, მე არაერთგზის მქონდა და მაქვს მათთან [ღამის კლუბების წარმომადგენლებთან] კომუნიკაცია. მათ ვეუბნებით, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება დეტალური დაკვირვება, ახალი შტამი არის მსოფლიოს წინაშე და ახალი შეზღუდვების წინაშე დგება მთელი ქვეყანა და ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ გახსნაზე", - თქვა ფერაძემ.
დღეს, 17 დეკემბერს, დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას არ აპირებს ღამის კლუბი „ხიდი". როგორც ღამის კლუბის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ღონისძიება ჩვეულებრივ გაიმართება. მათ გვითხრეს, რომ აქვთ შრომის ინსპექციის წარმომადგენელთან მიმოწერა, რომლის თანახმად, დღეს ექნებოდათ გახსნის საშუალება.
დღეს, 17 დეკემბერს საღამოს, საქართველოში არსებული რამდენიმე დიდი კლუბი იხსნება.
დაახლოებით ორი კვირის წინ კლუბი "ხიდი" კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.
დაწერეთ კომენტარი