Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „მიუღებელს“ უწოდებს რუსეთის მიერ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის მცდელობას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.

ზუსტად ანალოგიური ფორმულირებაა შეტანილი მოსკოვის მიერ მომზადებულ, რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულების პროექტშიც იმ განსხვავებით, რომ მასში ნახსენები არ არის უკრაინა და ამიერკავკასია.

„აშშ იღებს ვალდებულებას, რათა გამოირიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს იტყვის ალიანსში იმ სახელმწიფოების გაწევრიანებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ტექსტში.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც თავის დროზე აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაცვის საკითხებზე მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას, - რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს წინადადებები რუსეთისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მოახდინოს „გავლენის სფეროების ფორმალიზება“, რაც დაუშვებელი აშშ-ისა და ევროპისთვის.

„ეს არასერიოზული წინადადებაა. შესაძლოა მისი შემუშავება მოხდა იმ მიზნით, რომ მასზე უარის თქმის შემთხვევაში რუსეთს მიეცეს კიდევ ერთი „კაზუს ბელი“ უკრაინაში შეჭრისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უილიამ კორტნიმ, რომელიც 1995-97 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში.

აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთი „უზარმაზარი შედეგების“ თაობაზე გააფრთხილეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში და დიპლომატიური გზებით დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრან. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG