Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, არ დაუშვას ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღება


ნატოს წევრი სახელმწიფოების დროშები
ნატოს წევრი სახელმწიფოების დროშები

პასუხად კოლექტიური დასავლეთისა, რომელიც რუსეთს სანქციებით ემუქრება უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში, მოსკოვმა თავის მხრივ შეიმუშავა რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები.

მოსკოვი ბრიუსელს და ვაშინგტონს მოუწოდებს, არ დაუშვან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და მასში ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღება.

ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, კარენ დორნფილდს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით.

ვალდებულებების უდიდესი ნაწილი აშშ-სა და ნატოს ეხება. რუსეთის რაიმე ცალმხრივ ვალდებულებებზე დოკუმენტში ლაპარაკი არ არის.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ასეთი ცალმხრივი შეთანხმების თავზე მოხვევით კოლექტიური დასავლეთის დაშანტაჟებას და საკუთარი მიზნის მიღწევას ესწრაფვის.

„აქ, პრინციპში, საუბარია ახალ გამყოფ ხაზებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე გადაუფორმდეს რუსეთის ფედერაციას, როგორც გავლენის ზონა, სადაც ის გააკეთებს იმას, რასაც მოისურვებს“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ან კომპრომისი, ან შანტაჟი და ესკალაცია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვს სურს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.

ზუსტად ანალოგიური ფორმულირებაა შეტანილი მოსკოვის მიერ მომზადებულ, რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულების პროექტშიც იმ განსხვავებით, რომ მასში ნახსენები არ არის უკრაინა და ამიერკავკასია.

„აშშ იღებს ვალდებულებას, რათა გამოირიცხოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარს იტყვის ალიანსში იმ სახელმწიფოების გაწევრიანებაზე, რომლებიც ადრე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდნენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ტექსტში.

უფრო ქვემოთ რუსეთის მიერ ვაშინგტონისათვის წაყენებული პირობების სია კიდევ უფრო იზრდება. კერძოდ, რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, ასევე აიღოს ვალდებულება, რომ „არ შექმნის სამხედრო ბაზებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე და არ გამოიყენებს ნატოს არაწევრი სახელმწიფოების ინფრასტრუქტურას ნებისმიერი სამხედრო მოქმედების საწარმოებლად და ასევე არ განავითარებს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას“.

ამას მოჰყვება შანტაჟი და მრავალი მცდელობა, უკრაინის და, სამწუხაროდ, ასევე საქართველოს დაშინებისა. არ გამოვრიცხავ ასევე სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციებს...
თენგიზ ფხალაძე

ამ შეთანხმების პროექტით მოსკოვი მოითხოვს აშშ-ისგან, რომ დაარღვიოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ფუძემდებლური პრინციპი და ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს ნაცვლად თავად გადაწყვიტოს ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციის ჩანაწერის გაუქმება, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეეხება.

ხოლო პენტაგონმა უნდა შეაჩეროს კიევისა და თბილისისათვის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანუ ვაშინგტონმა აღარ უნდა მიაწოდოს ალიანსთან ურთიერთობაში დაწინაურებულ ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანას საბრძოლო აღჭურვილობა და შეიარაღება, რასაც აშშ გეგმაზომიერად ახორციელებს რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი საქართველოსა და უკრაინის თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად.

რეალურად ეს არის მიუღებელი მოთხოვნების წაყენება კოლექტიური დასავლეთისათვის, რომელმაც არაერთხელ განუცხადა რუსეთს, რომ იგი, როგორც მესამე ქვეყანა, ვერ უკარნახებს ნატოს, თუ როგორ მოიქცეს ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებით. რუსეთმა ცხადია იცის კოლექტიური დასავლეთის ეს ერთგვარი „მოდუს ოპერანდი“, მაგრამ ცდილობს მაქსიმუმის მოთხოვნით მიიღოს ისეთი მინიმუმი, როგორიც იყო 2015 წლის ცნობილი „მინსკის შეთანხმება“, რომელმაც, თენგიზ ფხალაძის დაკვირვებით, ფაქტობრივად ჩიხში შეიყვანა კიევი და მისი საერთაშორისო პარტნიორები.

„თუ წავიკითხავთ მინსკის ხელშეკრულებებს, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება და იმ დოკუმენტების მიხედვით კონფლიქტი წარმოჩენილია, როგორც კონფლიქტი უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის. ასე რომ, ეს არის სავაჭრო თემა, პრინციპით: მაქსიმუმი მოითხოვე, რომ რაღაც მაინც შეგრჩეს, - ამაზე მიდის რუსეთის მხრიდან დღევანდელ დღეს ლაპარაკი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას მოჰყვება შანტაჟი და მრავალი მცდელობა, უკრაინის და, სამწუხაროდ, ასევე საქართველოს დაშინებისა. არ გამოვრიცხავ ასევე სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციებს, რომლებიც პირდაპირ ნაკლებად, მაგრამ უფრო ირიბი გზით შეიძლება განხორციელდეს პირველ რიგში უკრაინის წინააღმდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ.

ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან წყვეტენ 30 მოკავშირე ქვეყანა და თავად უკრაინა და არავინ სხვა.
იენს სტოლტენბერგი

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ისტორია 2015 წლის მინსკის შეთანხმებას უკავშირდება. რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ორმხრივ შეთანხმებას ხელი 2015 წლის თებერვალში მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის და ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) წარმომადგენლებმა.

არსებობს კიდევ ნორმანდიული ფორმატი - რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობს. მაგრამ ეს მიზანი ილუზორულია რუსეთის ფაქტორის გამო, რომელიც მიმართულია დონეცკელი სეპარატისტების მხარდაჭერისკენ, უკრაინის შიდაპოლიტიკური ბრძოლისა და, ბოლოს, გერმანიისა და საფრანგეთის მიზეზით. ბერლინსა და პარიზს არ აქვთ ჩამოყალიბებული მყარი პოზიცია, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ მოსკოვს და რით შეიძლება დაეხმარონ კიევს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში.

როგორი იქნება კოლექტიური დასავლეთის რეაქცია?

რუსეთის მიერ მომზადებული ზემოხსენებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების პროექტებზე ჯერჯერობით არ ყოფილა აშშ-ისა და ნატოს წევრი ქვეყნების რეაქცია. მაგრამ ჯერ კიდევ მათ გამოქვეყნებამდე, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებდნენ, რომ რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ახალი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანებაზე. ახლახან ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

11 დეკემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო რუსეთის მოთხოვნა დასავლეთისადმი, არ დაუშვას უკრაინის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და შეახსენა მოსკოვს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს მისი წევრი ქვეყნები და თავად უკრაინა წყვეტენ.

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, დაიკავა ყირიმი და ახლა უფრო მეტს ითხოვს...
ლინას ლინკევიჩუსი

„ნატოს ურთიერთობას უკრაინასთან წყვეტენ 30 მოკავშირე ქვეყანა და თავად უკრაინა და არავინ სხვა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 11 დეკემბერს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსი მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ არ წავა კომპრომისზე იმ უფლების მიმართ, რომელიც ევროპის ყველა ერს საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

„ჩვენ ვერ დავეთანხმებით რუსეთის მისწრაფებას, აღადგინოს ისეთი სისტემა, რომელშიც ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიც რუსეთია, გავლენის სფეროებს ფლობენ და სადაც ისინი აკონტროლებენ და წყვეტენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ სხვა წევრებმა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს.

მეტი დათმობა არ იქნება, აცხადებს ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მოთხოვნაზე, გაუქმდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაპირება.

„2008 წლის ნატოს სამიტზე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, MAP-ი მიენიჭებინათ უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები კამათობდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირება იქნებოდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, დაიკავა ყირიმი და ახლა უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება!“ - წერს ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

თუ ლიეტუველი დიპლომატის ასეთი შემართება მთელი ალიანსის ერთიან პოზიციად იქცევა, მაშინ რუსეთის მიერ შედგენილი ზემოხსენებული დოკუმენტები მხოლოდ ისტორიის კუთვნილებად დარჩება.

„ეს არის სწორედაც რომ ნერვების თამაში. ანუ, თუ თქვენ მე დამიწესებთ სანქციებს, მაშინ მე კიდევ უფრო აგრესიულად მოვიქცევი და ეს არის სწორედ ის საშიში ზონა. აქ მთავარია, ვის უმტყუნებს პირველად ნერვები. თუ რუსეთი დაინახავს იმ ერთიანობას, რომელიც მას დასავლეთმა უნდა აჩვენოს, მაშინ ის უკან დაიხევს. და მე მგონი, უფრო ზუსტად, ფრთხილი ოპტიმიზმი მაქვს, რომ ამ ერთიანობას ის (რუსეთი) დაინახავს“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

აღსანიშნავია, რომ წინა დღით, 16 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერები მოსკოვს „მასშტაბური შედეგებითა და სერიოზული ფასის გადახდით“ დაემუქრნენ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში და მოუწოდეს, რომ დიპლომატიის გზით მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია.

ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ საპასუხოდ მოჰყვება სერიოზული შედეგი და რუსეთს მოუწევს მაღალი ფასის გადახდა, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-სთან შეთანხმებული შეზღუდვების სახით“, - ნათქვამია ერთდღიანი სამიტის შემდეგ ევროკავშირის ლიდერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა კვლავ მოუწოდეს მოსკოვს, მონაწილეობა მიიღოს ნორმანდიის ფორმატში და დაიცვას გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეული 2014-2015 წლების მინსკის შეთანხმებები, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას ითვალისწინებს.

რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს სამხედრო აგრესიის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ და კიევს ადანაშაულებს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG