Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების დაწესების საკითხს 14 იანვრამდე განიხილავს


რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი

აშშ-ის სენატში 14 იანვრამდე გაიმართება კენჭისყრა რესპუბლიკელი სენატორის, ტედ კრუზის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც გერმანიისა და რუსეთის დამაკავშირებელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს.

გამოცემა Politico-ს თანახმად, ამის შესახებ ტედ კრუზსა და სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა სენატორმა უარი თქვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტში დასანიშნად წარდგენილი კანდიდატურების ობსტრუქციაზე. მათ შორის არის იაპონიაში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა, რომელიც რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ სენატმა პარასკევს დაამტკიცა.

მანამდე აშშ-ის ტეხასის შტატიდან სენატორმა, ტედ კრუზმა, შეაჩერა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსად იულიამ ბერნსის დანიშვნა. სენატორი მოითხოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან უფრო მკაცრ სანქციებს გერმანიაში რუსეთის გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობის წინააღმდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მიუდგებიან კრუზის ინიციატივას დემოკრატი სენატორები, რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება სანქციების კანონის მიღება. სენატში ორივე პარტიას 50-50 ხმა აქვს. კანონპროექტის დამტკიცებას კი 60 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ უნდა ამოქმედდეს რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

აშშ-ის ხელისუფლებამ გერმანიას მოუწოდა, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს პირდაპირ გერმანიას და ევროკავშირს, უკრაინისთვის გვერდის ავლით.

გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 12 დეკემბერს ეს იმით ახსნა, რომ პროექტი არ უპასუხებს ევროპის სამართლებრივ ნორმებს, ამიტომ ჯერჯერობით არ შეიძლება მისი გაშვება. ბერბოკის განცხადების შემდეგ ევროპაში ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა პირველად გადააჭარბა 1400 დოლარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG