Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს ამაში. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი... ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა, რომ სომხეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირი საქმეში აისახოს.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს შორის არსებული ძალიან მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობა კონვერტირდეს რეალურ საქმედ. განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, სხვა პროექტებზე, რომელიც საინტერესო იქნება ორივე ქვეყნისთვის...

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. სიამაყით და სიამოვნებით უნდა ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვქონდა ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს მთავრობებს, ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და მართლაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ფაშინიანმაც თქვა, რომ დღეს ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და წარმატებები დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში.

"მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ", - თქვა ფაშინიანმა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ბოლოს 2021 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG