Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუს ბლოგერ ოლგა ტაკარჩუკს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ოლგა ტაკარჩუკი
ოლგა ტაკარჩუკი

მინსკის სასამართლომ 20 დეკემბერს 1,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა 36 წლის ბლოგერ ოლგა ტაკარჩუკს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის, გზის გადაკეტვის მცდელობისა და მინსკის პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

2020 წლის დეკემბერში ორი მცირეწლოვანი (3 და 7 წლის) შვილის დედა მიტინგში მონაწილეობის გამო 810 რუბლით დააჯარიმეს. მანამდე იგივე დანაშაულისთვის მას 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც ჰქონდა მისჯილი.

სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს დახურული იყო, რის გამოც უცნობია, თუ როგორ შეხვდა ოლგა ტაკარჩუკი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებას.

მაგრამ დაკავებამდე ოლგამ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებდა, რომ არ აპირებს გაჩუმებას და ქვეყნის დატოვებას.

“თუ ყველა ჩვენგანი გავჩუმდებით, მაშინ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე: როდესაც სამზარეულოში ყველას ჩუმად სძულდა ხელისუფლება, გმობდნენ მას, მაგრამ გულხელდაკრეფილი ისხდნენ და არაფერს აკეთებდნენ. მე არ მინდა ვიცხოვრო მუხლებზე დაჩოქილმა“, - თქვა ბლოგერმა.

მანამდე დეკემბრის დასაწყისში მინსკის საქალაქო სასამართლომ 4 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ოლჰა ზოლოტარს, ხუთი შვილის დედას, რომელიც მსჯავრდებულია „ექსტრემისტული ფორმირების“ შექმნაში.

ბელარუსში რეპრესიები გრძელდება მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ლუკაშენკამ მეექვსე ვადით გამოაცხადა თავი პრეზიდენტად, რამაც პროტესტის უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფონზე.

ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად კვლავ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წლის განმავლობაში იმყოფება ხელისუფლების სათავეში.

რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ მედია და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რასაც მძაფრი კრიტიკა ახლავს დასავლეთის ქვეყნებში, რომლებმაც უკვე დაუწესეს სანქციათა რამდენიმე რაუნდი ლუკაშენკას რეჟიმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG