Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ანტივაქსერობის ერთი მთავარი მიზეზი და მიზანიც ამავდროულად


ავტორი: შოთა მთიულიშვილი

დღევანდელ ტიპიურ ქართველს ცხოვრება ეზარება. იდეა არ აქვს, დაგეგმვა არ იცის, საქმე არ უყვარს და თქვენ წარმოიდგინეთ მომავალსაც ვერ აღიქვამს სათანადოდ. საერთოდაც მომავლის ხედვა კი არა, ქართველების დიდი ნაწილი დღეს ძირითადად დროის ერთი მონაკვეთის სულისკვეთებით ცხოვრობს, წარსულით, წარსულის სულით. ოღონ რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ წარსულით ცხოვრება არ არის, ეს არის წარსულის სულით გაჟღენთილი აწმყო, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ, ქართველები აწმყოში ხელახლა, გარკვეულწილად სახეცვლილს, მაგრამ მაინც წარსულს ვცხოვრობთ. აწმყოს, როგორც წარსულის გაგრძელება, სულ სხვა რამეა, ამას არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ წარსული ცხოვრებისეული გამოცდილებების გაუაზრებლად კოპირების მცდელობასთან გვაქვს საქმე, უკონტექსტოდ, მხოლოდ ემოციებით მიღებასთან იმის, რაც შესაძლოა საერთოდ არ პასუხობდეს დღევანდელ გამოწვევებს. ამიტომაც არის რომ ქართველი კაცი, სულ უკან იყურება, მუდამ წარსულს მისტირის და თან უკვირს წინ რატომ არ მივდივარო?!

ხოდა, რა შუაშია ეს დღევანდელ ჩვენს თანამემამულე ანტივაქსერებთან? არის კავშირი ამ ყოველივესთან, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის რაც ზემოთ მოკლედ აღვწერე, ამ მდგომარეობას უფრო კონკრეტულად რომანტიზმი შეიძლება ვუწოდოთ. ტიპიური ქართველი წარსულით არის გაჟღენთილი. ეს წარსული კი, ანუ ის, რაც ისტორიის ფურცლებიდან შემოგვრჩენია, იქიდან მცირეოდენი, რაც წაგვიკითხავს, უფრო მცირე, რაც მოგვისმენია და ამასთან ის რაც ჩვენს სასმენელს მეტად ეამა. და მაინც, რა არის ეს? მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის გმირობა, ფრაზა, რომელიც ყოველდღიურად გვესმის - „ჩვენი გმირი წინაპრები“. მხოლოდ ეს ისტოირია ვიცით ჩვენ, როგორც ერმა, მასამ, ეს არის დღეს ერთადერთი ისტორია, რაც ქმნის ჩვენს იდენტობას, გმირობის, თავგანწირვის, რაღაცის დაცვის დაუოკებელ სურვილს. ყველა სხვა ცხოვრების წესი ქარველისთვის უცხო და არაბუნებრივია. სხვანაირი ცხოვრების წესს თითქოს რაღაც აკლია ქართველისთვის, ვერ გუობს, ვერ შეეჩვია. ცოტათი უცნაურია, მაგრამ მგონია, იმან, რამაც გადაგვარჩინა (თავგანწირვამ, ნამდვილი გმირების სულისკვეთებამ), ახლა სწორედ ეგ გვღუპავს. დააკვირდით ტიპიურ ქართველ ანტივაქსერს (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, არამედ ეგრეთწოდებული გავრცელებული ტიპაჟი მაქვს მხედველობაში), ნუთუ ძალიან ადვილი არ არის მის სიტყვასა და ქცევაში გმირობის, თავგანწირვის სულისკვეთების ამოკითხვა?! ზოგიერთი ქართველი ანტივაქსერი მოკვდება ამ იდეისთვის, იმ იმედით, რომ მის სახელს მომავალი თაობები არ დაივიწყებენ. ისევე ემახსოვრებათ, როგორც მისი გმირი წინაპრები. მოკლედ ანტივაქსერობა, ბევრისთვის გააქტიურების, ერთგვარი სამოქალაქო აქტივობის და სიცოცხლის სტიმულად იქცა. დიდი ეჭვი მაქვს, დღევანდელი ანტივაქსერების უმეტესობა ის კატეგორიაა, რომელთაც ამ ქვეყნად არასდროს არაფერი აინტერესებთ, არც არჩევნები, არც რევოლიციები და თქვენ წარმოიდგინეთ არც „უაზრო ომები“ (ჩვენი ბოლო ომი რუსეთთან, ასეთი ხალხის აზრით უაზრო ომი იყო, შესაბამისად თავგანწირვაც უაზრო). მოკლედ ეს ხალხი დიდი „ფსონების“ ხალხია, მსოფლიო მბრძანებლებს, სატანას და ანტიქრისტეს რომ ებრძვიან, „პატარა პრობლემებზე“ არ ხურდავდებიან. ხოდა რა ვუყოთ ამ „გულად“ ხალხს, განა არ არის დასაფასებელი ასეთი „სიმამაცე“? ოღონდ ეგ არის, რომ მიმართულება აქვს არასწორი. ეს ხალხი, რომ შრომისთვის, განათლებისთვის დაირაზმოს ასე, ალბათ სულ მალე მოწინავე სახელმწიფოთა რიგში დავდგებოდით. მაგრამ ხომ ითქვა ზემოთ, ქართველი სიცოცხლისთვის, ცხოვრებისეული მიზნებისთვის ვერ ჩამოყალიბდა, მისი ფიქრი და აზრი მუდამ წარსულს, გმირობასა და თავგანწირვას დასტრიალებს, ანუ სიკვდილს. სიცოცხლე? ხო, კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად არ ღირს, რომ მაგისთვის თავი აიტკივო, ხელი და ფეხი დაიღალო. მოკლედ, დღევანდელი ქართველის აზრი და გონება, იმდენად გუშინდელია, რომ მომავალს კი არა აწმყოსაც ვერ აღიქვამს ადეკვატურად. წარსულის შვილია, აწმყოს მუდამ ვერ დაწეული და მომავლის ვერ დამნახავი. ასე რომ, ანტივაქსერობა პრობლემის ძირი კი არა, ზედაპირია. პრობლემის ძირი ჩვენი ხალხის გაურკვევლობაშია, იმაში, თუ ვინ ვართ, სად ვართ ახლა და რა არის ჩვენი ნამდვილი საქმე. ვიდრე ეს არსებითი საკითხები არ დაისმევა და არ ვეცდებით მათზე პასუხების ძიებას, მუდამ გვექნება მსგავსი სახის ამოვარდნები ცხოვრებისეულ გამოწვევებთან. მგონია ქართველები რაიმეს დაცვაზე, მუდამ რაიმეს ხელუხლებლად შენახვაზე ფიქრს უნდა შევეშვათ და ცოტა მეტი მოვინდომოთ, მეტი ფუნქცია და მიზანი დავისახოთ. ბოლოსდაბოლოს, თუ მართლა ტრადიცია გვინდა, ახლის შექმნის და საერთოდ რაიმეს შექმნის ტრადიცია დავიცვათ ჩვენი წინაპრებისგან მოცემული. სწორედ ამაში მივბაძოთ და მივყვეთ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც ქმნიდნენ და არა მათ, რომელნიც მხოლოდ იცავდნენ შექმნილს. მოკლედ იმის თქმა მსურს, რომ ფხიზელი გონება გვჭირდება, ფხიზელი რომანტიზმისა და გადაჭარბებული აღტყინებებისგან, თუ ამას შევძლებთ, მგონია მეტად ადეკვატური იქნება ქართველი ყველა ცხოვრებისეული გამოწვევის მიმართ და ნაკლებად ფუჭად დაიხარჯება ეროვნული ძალები. მანამდე კი აქეთ ჩვენ და იქით ისინი სანამ საქრთველოს ვიჩემებთ, ხილული, თუ უხილავი მტერი ისე წაგვართმევს ვერც კი მოვისაზრებთ, მაგრამ განა ღირსები არ ვიქნებით და განა ჩვენზე არ გამართლდება ის ჭკვიანური ანდაზა: „ავი შემნახველი ქურდზე უარესიაო“.

P.S. ვიცი რომ ანტივაქსერები მსოფლიოს სხვადასხვა ერებშიც ბლომად არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი თეორია არ შეიძლება რელევანტური იყოს. მე ვფიქრობ, რომ ყველგან რაღაც თავისებურება ახლავს ამ მოვლენას, ერთგან თავისუფლების გადაჭარბებული სურვილი, მეორეგან სისხლში გამჯდარი მთავრობებისადმი უნდობლობა, მესამეგან დეზინფორმაცია, ინფორმაციის ნაკლებობა და ა. შ. ამასთან ისიც მესმის, რომ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ მუშაობს, მე უბრალოდ მთავარზე, ან ერთერთ მთავარზე ვცადე ყურადღების გამახვილება ჩვენს შემთხვევაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG