Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე დღე რამაზ გერლიანის გაუჩინარებიდან - რა არის ცნობილი 


ახლობლები და პოლიცია მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ რამაზ გერლიანს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს და "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტს, რომლის კვალიც 19 დეკემბერს იკარგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის საქმეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. რამაზ გერლიანის დები პოლიციამ გუშინ გამოკითხა.

"12-ზე რომ შემიყვანეს, [საღამოს] 7 საათამდე მკითხავდნენ. ჩემი დაკითხვა დაამთავრეს და შვილიშვილმა დამირეკა, ჩვენთან იყო პოლიციაო… არის სწორი ეს?! მე პოლიციელებს ვეუბნებოდი, რომ ჩემი ძმა დაიკარგა, ისინი კი მას ჩემს ოჯახში ეძებდნენ", - უთხრა რამაზ გერლიანის დამ, ნანა გერლიანმა ჟურნალისტებს.

რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ პოლიციას ოჯახმა 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა. თბილისში ავჭალის პოლიციის განყოფილებაში მისულმა მისმა ძმამ, რომანოზ გერლიანმა ნახა, რომ მისი ძმის მანქანა რამდენიმე მეტრში ავტოსადგომზე იდგა. კარი ჩაკეტილი არ იყო. შიგნით იდო მანქანის გასაღები და საბუთები, - ამბობს ის.

იმ ტერიტორიაზე რამდენიმე სათვალთვალო ვიდეოკამერაა, რომლებსაც, სავარაუდოდ, უნდა გადაეღო, როდის და ვინ დააყენა პოლიციის შენობასთან რამაზ გერლიანის მანქანა. ერთვის თუ არა ეს ვიდეოჩანაწერები გამოძიების საქმეს, უცნობია. სავარაუდოდ, ეს არის ერთ-ერთი ბოლო ადგილი, სადაც დაფიქსირებულია გაუჩინარებული რამაზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის მეგობარი და "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" თანადამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე ამბობს, რომ ორშაბათს, 20 დეკემბერს სამსახურში მისულებს მისი მეგობრის სამუშაო ადგილზე წერილი და მისი მობილური ტელეფონი დახვდათ. ტელეფონზე "მარკერით" იყო მიწერილი, როგორ უნდა მოხსნილიყო კოდი.

"წერილი იყო მოკლე, იქ ეწერა -"მეტის მოთმენა აღარ შემიძლია", ღმერთს სთხოვდა პატიებას და ახსენებდა თავის შვილს და ამბობდა, რომ ისინი ძალიან უყვარს...

ტელეფონი იყო ჩართული, თუმცა გადაყვანილი იყო ფრენის რეჟიმზე - ეს მაფიქრებინებს, რომ მან ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ გვენახა ის ყველაფერი, რაც ტელეფონში იყო", - ამბობს ნოდარ სირბილაძე.

მისი თქმით, რამაზ გერლიანს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ტელეფონში ერთ-ერთ პოლიციელთან შელაპარაკების აუდიოჩანაწერებს ინახავდა. საკუთარ სახლში პოლიციელთან შელაპარაკებაზე საუბრობდა გერლიანი იმ ფეისბუკპოსტშიც, რომლის დაწერის დღესაც მისი კვალი დაიკარგა.

"ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, ის ინფორმაციაა, რომელიც ამ ტელეფონშია. ის უნდა იყოს დაცული..." - ამბობს რამაზ გერლიანის მეგობარი.

წერილიც და მობილური ტელეფონიც პოლიციამ ნივთმტკიცებად შეინახა.

მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გერლიანის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან 19 დეკემბერს ზეწოლაზე საჯაროდ ისაუბრა. "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი "ფეისბუკზე" წერდა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთმა პოლიციელმა მისი ოჯახის წევრის (სავარაუდოდ, ყოფილი მეუღლის - რ.თ) "დავერბოვკებით" მის სახლში შეღწევა მოახერხა.

"ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავერბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა...

14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა... განადგურებული ვარ", - წერდა ის და ვარაუდობდა, რომ ეს ადამიანი მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

ამავე პოსტში გერლიანი ამბობდა, რომ მის სახლში პოლიციელის აღმოჩენის შემდეგ გამოძიების დასაწყებად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მათი ოფიციალური პასუხები გაასაჯაროვა.

"კანონი დუმს", - წერდა იგი საგამოძიებო უწყებების რეაქციაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გერლიანის მიწოდებული ინფორმაციაში არ ჩანდა ისეთი დანაშაულის ნიშნები, რომლის გამოძიების უფლებამოსილებაც ამ უწყებას აქვს.

"[მოწოდებული] ინფორმაცია შესაბამისი წერილით გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში", - აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი 14 ნოემბერს შედგენილ რეაგირების ოქმში წერს, რომ გაესაუბრა რამაზ გერლიანის ყოფილ მეუღლეს და გაირკვა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო მისი ნაცნობი და გერლიანის სახლში უკანონოდ, მისი ნების გარეშე არ შესულა.

20 დეკემბერს საქმეზე გამოძიების დაწყებისა და პოლიციაში გერლიანის ოჯახის წევრების გამოკითხვის დაწყების შემდეგ, მისი ბოლო პოსტი ფეისბუკზე აღარ ჩანს - შესაძლებელია ის წაშლილი იყოს ან დაფარული.

"არ მჯერა, რომ რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც [რამაზი] გაუჩინარდა, მოინდომა ფეისბუკზე შესვლა და პოსტის წაშლა... ამაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ წაშალა პოსტი. ამის დადგენა არის მარტივი", - თქვა ნოდარ სირბილაძემ.

იმის მიუხედავად, რომ რამაზ გერილიანი ყოფილი საჯარო მოხელეა, მისი გაუჩინარების ისტორიას კი მედია მესამე დღეა აშუქებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დუმს ამ საქმის დეტალებისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. არ არის ცნობილი, აღძრულია თუ არა საქმე თავად რამაზ გერლიანის საჩივარზეც. იგი პოლიციას ზეწოლაში, მიყურადებასა და თვალთვალში ადანაშაულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG