"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული რამაზ გერლიანი, რომელიც წუხელ სურამში იპოვეს, ამბობს, რომ „ძირითადად, სურამის ტყის მიმართულებით მოძრაობდა“.
პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, რამაზ გერლიანმა ჟურნალისტებს მიზეზად დაუსახელა პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან მის მიმართ „უღირსი და პატივაყრის ქმედება“. გერლიანის თქმით, გოგნიაშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირად საკუთრებაში ცრუ მოტივით დაკითხვა მოუწყო.
„ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა. მან გადაწყვეტილების მიზნად დაასახელა „სიკვდილთან შეხვედრა“, თუმცა, როგორც თავად თქვა, პოლიციამ მიუსწრო. რამაზ გერლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა. ერთი დღით ადრე "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტმა ფეისბუკით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო კონკრეტული პოლიციელის მონაწილეობით მასზე ზეწოლის და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობის შესახებ.
დაწერეთ კომენტარი