Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება სასამართლოში მისი საქმის განხილვას


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. თავად მიხეილ სააკაშვილი სხდომას არ ესწრება. ადვოკატებმა მიზეზად დაასახელეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია:

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაბრუნდა სამშობლოში და დაბრუნდა იმ ფორმით, რომ თავიდან აიცილა ყველანაირი მოსალოდნელი პროვოკაცია და ამით მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩააგდო საფრთხის ქვეშ".

თავის მხრივ, საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ამ საქმეში რაიმე იყოს სადავო:

„ადამიანი, რომელიც არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველოში, უკვე არის დანაშაული და უკვე არის ფაქტი. აქედან გამომდინარე კიდევ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს მაინც ეყოფა დაცვის მხარეს გონიერება, უდავოდ გახდიან მტკიცებულებებს და შეიძლება დღესვე დავასრულოთ სასამართლო პროცესი“.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ თბილისში 1 ოქტომბერს დააკავა. 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წარუდგინა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება. გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

10 დეკემბერს, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი აქვს ორი გამამტყუნებელი განაჩენი. 2018 წელს სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG