Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შესაძლოა სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალოს მხოლოდ „ბუსტერიზირებული“ ადამიანი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს, რომ ცენტრის რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა სავალდებულო უნდა გახდეს.

„სავალდებულოობა არ იყო სწორად გაგებული“, - განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ცენტრის წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ ვაქცინირებული, არამედ „ბუსტერიზირებული“ ადამიანი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ საკითხზე ხვალ იმსჯელებენ იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე.

გამყრელიძის განცხადებით, კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინების, განსაკუთრებით "ფაიზერის" მესამე დოზას აღმოაჩნდა საკმაოდ მაღალი დამცველობითი უნარი იგივე „ომიკრონის“ შტამის მიმართ, ამიტომ მოქალაქეებს მიმართავენ, ბუსტერ დოზა რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ.

საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით აცრა 10 ნოემბრიდან დაიწყო. 21 დეკემბრის ჩათვლით, ბუსტერი გაკეთებული აქვს 53 440 ადამიანს.

მესამე დოზით აცრა შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან. მათ, ვინც ვაქცინირებულია „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“, მესამე დოზის გაკეთება შეუძლიათ მეორე დოზის მიღებიდან 5 თვის შემდეგ, ხოლო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აცრილებს 3 თვის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG