Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენციაში, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა. ის მიეძღვნა ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში ესკალაცია და დაძაბულობაა. მისი შეფასებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ ამ დაძაბულობაზე პასუხი რეალობას აცდენილია.

„ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ სოლიდარობის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელია.

პრეზიდენტი გამოსავალს დიალოგში ხედავს. „ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა", - აღნიშნა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობა პარტიის მხარდამჭერებმა და პოლიტიკოსებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ თბილისში მიმდინარე აქციაზე, რუსთაველის გამზირიდან მიმართა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ამბობს, რომ 180-მდე ადამიანი შიმშილობს ამ ეტაპზე.

გუშინ, 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, როცა რუსთაველის გამზირზე მის მხარდასაჭერად აქცია იმართებოდა, ნიკა მელიამ თქვა, რომ იწყებოდა მასობრივი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით.

20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული, კომპლექსური, ღია და გამჭვირვალე და ამ პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესში ჩართული არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG