Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გზას უხსნის ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას


გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის ხელშეწყობას - იმ ფონზე, როცა ომით გაჩანაგებული ქვეყანა ჰუმანიტარული კრიზისის პირას არის მისული, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ხელისუფლება თალიბანის მებრძოლებმა ჩაიგდეს ხელში.

რეზოლუცია, რომელიც ერთხმად დამტკიცდა 22 დეკემბერს, ნებართვას გასცემს "თანხების, სხვა ფინანსური ობლიგაციების თუ ეკონომიკური რესურსების გადახდაზე და საჭირო საქონლის თუ მომსახურების გამოყოფაზე საიმისოდ, რომ უზრუნველყოფილ იყოს ამგვარი დახმარების დროული ჩატანა ან ასეთი ქმედების მხარდაჭერა".

გაეროში ბრიტანეთის მისიამ ტვიტერით დაწერა, რომ "რეზოლუცია ხელს შეუწყობს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას, იმის უზრუნველყოფით, რომ რეჟიმისთვის 1988 წელს დაწესებულმა სანქციებმა წინაღობა არ შეუქმნას ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას" და დასძენს, რომ რეზოლუცია პირდაპირ პასუხობს ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ განსაზღვრულ საჭიროებებს.

მას შემდეგ, რაც ავღანეთში ხელისუფლებას თალიბანი დაეპატრონა, საერთშორისო თანამეგობრობა უარს აცხადებს მათ ახალ მმართველებად აღიარებაზე და თალიბანის წევრებს მოუწოდებს, შექმნან ინკლუზიური მთავრობა და დაიცვან ყველა ავღანელის უფლებები. წამყვანმა გლობალურმა დონორებმა შეაჩერეს ავღანეთისთვის დახმარების გამოყოფა, გაყინულ იქნა ავღანეთის ცენტრალური ბანკის უცხოეთში შენახული ქონება.

გაეროს რეზოლუცია აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა მხარს უჭერს "ავღანეთში საბაზისო ადამიანური საჭიროებების" დაკმაყოფილებას და არ წარმოადგენს იმ სანქციების დარღვევას, რომლებიც თალიბანთან დაკავშირებულ უწყებებს დაუწესდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG