Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე მე-4 სხდომაზეც ვერ აირჩიეს


ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა, წინა სამის მსგავსად, ისევ გადაიდო. დღეს, 24 დეკემბერს, დეპუტატებმა ვერ შეძლეს საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა.

დღევანდელი სხდომის ჩაშლის მიზეზიც კვორუმის არქონა იყო, რადგან 45-წევრიან საკრებულოში არ გამოცხადდა 23 წევრი. ადგილზე იმყოფებოდა პარტია “საქართველოსთვის” 3-დან 2 წევრი, “ქართული ოცნების” 20-დან 17 წარმომადგენელი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 22 დეპუტატიდან კი არავინ მივიდა.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

12:00 საათზე ჩანიშნული სხდომა თავდაპირველად ერთი საათით გადაიდო. როგორც საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა განაცხადა, საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ კვორუმის არქონის შემთხვევაში, სხდომა ამ დროით გადადებულიყო და დეპუტატებს კიდევ მისცემოდათ დრო მისვლისთვის.

მცდელობის მიუხედავად, არც ერთ საათში შეიკრიბა კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა. შესაბამისად, შობა-ახალი წლის დღესასწაულის უქმეების გათვალისწინებით, სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო.

3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, 20-ით - „ქართული ოცნება“, ხოლო 3-ით - „გახარია - საქართველოსთვის“.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG