Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მედია: გენერალურ პროკურატურას პეტრო პოროშენკოს დაპატიმრება სურს, სასამართლომ ასეთი ნებართვა უკვე გასცა


პეტრო პოროშენკო, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი
პეტრო პოროშენკო, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისში ხელი მოაწერეს შუამდგომლობას ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაპატიმრების თაობაზე, ხოლო კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის, პეტრო პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის შესაბამისი ნებართვა გასცა.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, მაგრამ პეჩორის რაიონული სასამართლოს სპიკერმა მოსამართლემ უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე, რადგან ასეთი სხდომები საიდუმლოდ ტარდება, ხოლო მას „არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად“.

პოროშენკოს შესაძლო დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ადვოკატები, იგორ გოლოვანი და ილია ნოვიკოვი.

20 დეკემბერს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომა გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილად არის ცნობილი სახელმწიფოს ღალატსა და ტერორიზმის ხელშეწყობაში.

უკრაინის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმეზე უკვე წარუდგინეს ბრალი პრორუსული ძალის - „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრ ვიქტორ მედვედჩუკს.

გამოძიების ვერსიით, მას შემდეგ, რაც კიევმა დაკარგა კონტროლი დასავლეთ დონბასში მდებარე ქვანახშირის საბადოებზე, უკრაინა ქვანახშირის მწვავე ნაკლებობას განიცდიდა და მზად იყო ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან შეეძინა. მაგრამ მედვედჩუკმა შეძლო ამ წამოწყების ჩაგდება, რათა ქვანახშირი სეპარატისტებისგან შეეძინა. ამასთან, იგი იშველიებდა ხელისუფლების მფარველობას და გარიგებაში შევიდა „ქვეყნის უმაღლეს პირებთან“, - ამტკიცებს უკრაინის უშიშროების სამსახური.

8 ოქტომბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა განაცხადა, რომ სპეცსამსახური შეისწავლიდა მედვედჩუკისა და პოროშენკოს შესაძლო კავშირებს. ორივე პოლიტიკოსი უარყოფს მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში 23 დეკემბრისთვის იყო გამოძახებული, მაგრამ პეტრო პოროშენკო სასამართლოზე არ გამოცხადდა. იგი საზღვარგარეთ იმყოფება და უკრაინაში დაბრუნებას მხოლოდ მომავალი წლის იანვარში გეგმავს.

XS
SM
MD
LG