Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხვდებიან და რამდენს ხარჯავენ ახალ წელს კახეთის მუნიციპალიტეტები


თელავი. 2021
თელავი. 2021

ახალი წლის დადგომამდე  რამდენიმე დღით ადრე, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და პარკებში  დეკორაციებისა და ნაძვის ხეების მონტაჟი დასრულდა. ნაძვის ხეები უკვე გაანათეს გურჯაანში, თელავში, დედოფლისწყაროსა და ყვარელში. ზოგგან დღეს იგეგმება.

თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი წუხს, რომ არჩევნების მეორე ტურის გამო, მას გვიან მოუწია მერის თანამდებობაზე მუშაობის დაწყება და ამიტომ დაგვიანდა საახალწლო ღონისძიებების დაგეგმვა. თელავში წელს ძველ ნაძვის ხესა და დეკორაციებთან ერთად, ახალი განათებებიც დაამონტაჟეს. იგეგმება კონცერტები ადგილობრივი და მიწვეული მომღერლების მონაწილეობით. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ერეკლე მეორის მოედანზე განთავსდა. თელავის მერი ამბობს, რომ ღონისძიებები და კონკრეტული პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება. მერია ასევე გეგმავს, 550-მდე გაჭირვებულ ოჯახს, საახალწლო ნობათი გადასცეს. საახალწლო ღონისძიებებსა და სოციალურ პროგრამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

„გვინდა, რომ კარგი, სადღესასწაულო განწყობა შევქმნათ. იქნება კონცერტი და პროგრამა როგორც ადგილობრივი ჯგუფების, ასევე მერიის კულტურის აიპის ყველა გუნდის მონაწილეობით. 31 დეკემბერს თელავის ცენტრში 12 საათის აღნიშვნა მოხდება ფეიერვერკებით.“

ყვარელი
ყვარელი

124 ათასი ლარის ღირებულების საახალწლო დეკორაციები და განათებები შეიძინა წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია დეკორაციების მონტაჟსა და დემონტაჟზე. რა სახის ღონისძიებები იგეგმება ყვარელში და როდის, რადიო თავისუფლებას ამის გარკვევა მერიის შესაბამის სამსახურებში სურდა, თუმცა ამ საკითხზე კომენტარზე უარი გვითხრეს. პრესსამსახურის თანამშრომელმა მოგვწერა, რომ თავად გაავრცელებს ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

ახალი ნაძვის ხით შეხვდება 2022 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. მერიის აიპიმ 12 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე 25 ათას ლარად იყიდა. ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ პარკში უკვე დადგეს და 26 დეკემბერს გაანათებენ. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ 27 დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტი და აქტივობა იგეგმება. მოწვეული ჰყავთ მომღერლები და ბენდები. ლაგოდეხის მერია 1500-მდე გაჭირვებულ ოჯახს საახალწლო კალათს გადასცემს. მასში შედის ასაწონი შოკოლადი, ნამცხვარი რულეტი, ვაფლის ტორტი, ნატურალური წვენი, დონატი და შოკოლადის ფილა. ეს ყველაფერი საახალწლო შეფუთვით იქნება გაფორმებული. ამისთვის ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი დაიხარჯება. მთლიანობაში საახალწლო ღონისძიებებისა და სოციალური პაკეტის ბიუჯეტი 70 ათას ლარზე მეტია.

„ის კატეგორია, რომელიც ჩვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს, გადაეცემათ ტკბილეული, მცირე ნობათი. ერთი კალათის ღირებულება 25-დან 30 ლარამდე იქნება. ასეთ ნობათს მიიღებენ ობოლი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, შშმ პირები, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველები. წელს ახალი ნაძვის ხე და ილუმინაციები გვაქვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის მერმა.

საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადებიან ახმეტასა და დედოფლისწყაროშიც. ახმეტის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ 7 ათასი ლარი გასართობი ღონისძიებებისთვის დაიხარჯება და 9 ათას ლარზე მეტი აქვთ სოციალური პაკეტისთვის. ახმეტის მუნიციპალიტეტში მერიისგან ნობათს 61 ოჯახი მიიღებს. თითო კალათის ღირებულება 150 ლარია.

დაახლოებით 50 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს სოციალურ პაკეტში დედოფლისწყარო. 7 ათასი ლარი კი საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყვეს. მერიას დაქვემდებარებული აიპის, კულტურის სამსახურის უფროსის ილია მარტყოფლიშვილის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე წელს ღონისძიებებიც მოკრძალებული იქნება და ხარჯებიც.

დედოფლისწყარო
დედოფლისწყარო

„ღონისძიება იგეგმება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და ამაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება. 29-ში ან 30-ში დამაგვირგვინებელი საახალწლო ღონისძიება გვექნება. დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრის ეზოში მოეწყო საახალწლო ქალაქი. სხვადასხვა ღონისძიებით არის დახუნძლული ეს დროს, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, ვცდილობთ რომ დიდი თავშეყრები არ იყოს.“

რადიო თავისუფლებას სურდა კონკრეტული ღონისძიებებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია მიეღო საგარეჯოს, სიღნაღის და გურჯაანის თვითმმართველობებიდანაც, თუმცა ამ მუნიციპალიტეტებიდან ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

საახალწლო ღონისძიებების საწინააღმდეგო არაფერი აქვს პოლიტიკური მოძრაობა "დროას" წარმომადგენელს კახეთში ნინო გოგოლაშვილს, თუმცა მიაჩნია, რომ პანდემიის გამო, წელს არანაირი ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიება არ უნდა გაიმართოს.

„პანდემიის ფონზეც კი ტაშ-ფანდურა ზეიმები ვერ მოიშალეს. ამ ღონისძიებების მერე მიდის ჩვეულებრივი ჭამა-სმა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ახალ წელს ათასობით ადამიანს ელემენტარულის ყიდვის საშუალება არ ექნება, ამიტომ სჯობდა, პანდემიის გამო ეს ღონისძიებები საერთოდ გაუქმებულიყო და მთელი ეს თანხები მიმართულიყო სოციალურ ღონისძიებებზე.“

ღონისძიებები, რომლებიც კახეთის ქალაქებში იგეგმება, ძირითადად 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. საახალწლო ღონისძიებებისთვის კახეთში თანხები ყოველ წელს იხარჯება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 2018 წელს, საერთო ჯამში, რეგიონში 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, 2019-ში 200 ათასი, 2020 წელს ეს ხარჯი დაახლოებით 150 ათასი იყო.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG