Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ 2 მოქალაქეს კონტრაბანდაში ადანაშაულებენ


საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა შესახებაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია საჯაროდ დღეს, 27 დეკემბერს გაავრცელა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ათ დღეზე მეტი ხნის წინ დააკავეს და უკვე 2-თვიანი წინასწარი პატიმრობაც აქვთ შეფარდებული.

ეს ირკვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან, რომლის მიხედვით, სოფელ ლოპანის შემოგარენში, „თამბაქოს კონტრაბანდის“ მცდელობისას, 15 დეკემბერს დააკავეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის ორი მცხოვრები - ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობითვე, 23 დეკემბერს მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით - „ალკოჰოლური პროდუქციის ან თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა“, ხოლო 24 დეკემბერს, ზნაურის სასამართლომ მეგრელიშვილს და გოგიჩაშვილს შეუფარდა 2-თვიანი პატიმრობა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებულია მხოლოდ დაკავების ადგილი - ოკუპირებული სოფლის, ლოპანის მიმდებარე ტერიტორია.

სუსის განცხადებით, „უკანონო დაკავების მომენტიდან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზით. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში".

XS
SM
MD
LG