ავტორები: იულია ჟუკოვა, ანდრეი შურინი. „ნასტოიაშჩეე ვრემია“
უკრაინაში ძალაში შევიდა თავდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროფესიის ქალები სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე უნდა დადგნენ.
ეს ვალდებულება ეხება 35 სპეციალიზაციისა და ასობით პროფესიის ქალს, მათ შორის მენეჯერებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, მზარეულებს, ფარმაცევტებს, მუსიკოსებსა და ასე შემდეგ. საუბარია როგორც ხელმძღვანელებზე, ასევე სპეციალისტებზე. მაგალითად, Current Time-ის კორესპონდენტი ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, შესაძლოა, პრესოფიცრად გაიწვიონ.
ბრძანება ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოიცა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. სამხედრო კომისარიატში გამოცხადება 2022 წლის ბოლომდე არის შესაძლებელი, ვინც აღრიცხვაზე არ დადგება ჯარიმას გადაიხდის.
„ამდენი ქალის სამხედრო სამსახურში აყვანა სიახლეა სახელმწიფოსთვის, - ამბობს კიევის გაწვევის სამხარეო ცენტრის სამხედრო კომისარი ვალერი კუცენკო.- მაგრამ აღვნიშნავ, რომ სამხედრო აღრიცხვა და სამხედრო სამსახური სხვადასხვა რამაა“.
„პროფესიების ჩამონათვალში თითქმის ყველა ხვდება, დაწყებითი კლასების მასწავლებლების, მონაზვნებისა და ღამის კლუბებში მოცეკვავეების გარდა, - განმარტავს ნატალია ვორონკოვა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი. - ამიტომ ახლა ყველამ უნდა ავიღოთ პასპორტი, საიდენტიფიკაციო კოდი, ქორწინების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და წავიდეთ სამხედრო კომისარიატში“.
როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს უკრაინელი ქალები
უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორია ვოიციცკაია სამხედრო კომისარიატში უკვე იყო: „მკითხეს განათლების შესახებ და ვუპასუხე, რომ ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული: საბანკო საქმე და ფინანსები. მითხრეს, სწორედ ფინანსისტები გვინდოდაო“.
საბუთების შეგროვებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა, დააყენებენ თუ არა ვიქტორიას აღრიცხვაზე. პროცედურა იგივეა, რაც მამაკაცების შემთხვევაში.
„ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან მშვენივრად მესმის, რომ ქვეყანა საომარ ვითარებაშია, - განაგრძობს ვიქტორია. - შეიძლება დახმარება გახდეს საჭირო“.
ჯარში გასაწვევად ვარგისად უკრაინაში შეიძლება აღიარონ ქალები, რომელთა ასაკი 18-60 წელია. ახლა დამსაქმებელი ვალდებული იქნება შეამოწმოს, აღრიცხულია თუ არა მის მიერ დასაქმებული პირი სამხედრო კომისარიატში, თუკი არა - 2023 წლიდან ჯარიმის გადახდა მოუწევს. საყოველთაო მობილიზაციის შესახებ ჯერ არ საუბრობენ.
ტატიანა ოსიპოვიჩი განათლებით მენეჯერია და კინოს სფეროში მუშაობს. საბუთების შეგროვება ჯერ არ დაუწყია, მაგრამ ირწმუნება, რომ ამას მალე იზამს და ვალდებულებას თავს არ აარიდებს.
„სამზარეულოში ომი არ მინდა, მინდა, მართლა ვიბრძოლო. ვიცით, რომ უკვე წლებია ომია. ასეთი მეზობელი გვყავს. ამ დროის განმავლობაში თუნდაც სროლა რატომ არ უნდა მესწავლა?! დარწმუნებული ვარ, გამომივა. არ მინდა სამზარეულოში ჯარისკაცებთან ვილაპარაკო. რამე სერიოზულ საქმეს გავაკეთებდი. თავისუფლად შემიძლია დღის განმავლობაში 30 კილომეტრი გავიარო, 21 - ვირბინო. ანუ მაქვს გარკვეული უნარები, რომელიც უნდა გამოიყენო“.
ტატიანას არ სჯერა, რომ მთავრობა ქალებს მასობრივად გაიწვევს სამხედრო სამსახურში. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩაეთვალოთ იმისთვის აკეთებენ. ჯერ კარგა ხანს ისტერია იქნება. ყველა აყვირდება, ქალი რატომ უნდა იბრძოდესო. კიდევ საბუთებზე გააკეთებს ხალხი ფულს, ბევრი თავის არიდებას შეეცდება“.
სულ ახლახან სამხედრო ნაწილში მყოფი ქალი ან ექიმი იყო, ან სამხედრო კათედრის კურსდამთავრებული, ან ხელშეკრულებით მოსამსახურე. მათი რაოდენობა 10 ათასზე მეტია, მათ შორის არის იულია მიკიტენკო. ის 2018 წელს, დონბასის წინა ხაზიდან ქმრის დაღუპვის შემდეგ დაბრუნდა და ახლა რეზერვშია. 23 წლის ასაკში დაზვერვის მეთაურად გახდომაც მოასწრო. მან კარგად იცის, როგორია ქალისთვის ომში ყოფნა.
„საშინლად მძიმეა, - იხსენებს იულია. - თვე დამჭირდა, რომ ავტორიტეტი მომეპოვებინა და მეჩვენებინა, რომ ქალი-მეთაურიც „ოკეია“. არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა, ხანდახან მამაკაცზე ეფექტურიც კია“.
იულია ამბობს, რომ: „პანიკას არ უნდა ავყვეთ. არ უნდა გვეგონოს, რომ ხვალ მატარებლიდან ჩამოგვსვამენ და ეროვნულ გვარდიაში გაგვიშვებენ. ეს საბუთების მინიმალური პაკეტია და იმისთვის კეთდება, რომ სახელმწიფომ იცოდეს, ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში რა შეუძლია. მე რა ნუსხაც ვნახე, ის ძირითადად შტაბში მუშაობას ითვალისწინებს. ანუ ქალი თუ რესტორნის ადმინისტრატორია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ოცეულის მეთაურად გაუშვებენ“.
ის, რაც უკრაინისთვის სიახლეა, ისრაელისთვის დიდი ხანია ნორმა გახდა: იქ ქალები 24 თვე მსახურობენ, მამაკაცები - 30. „21-ე საუკუნეში, თანამედროვე ჯარი ქალების გარეშე ვერ იქნება. - ამბობს ისრაელის ჯარის ყოფილი ოფიცერი, სამხედრო ექსპერტი სერგეი მიგდალი. - თითქმის ყველა ქვეყანაში, დასავლეთში ნამდვილად, ქალები განათლებაში საუკეთესო ნიშნებს იღებენ. ხშირად საუკეთესო შედეგები აქვთ. მათ კარგი ტექნიკური განათლება გააჩნიათ და რადგან თანამედროვე ჯარში ბევრი ტექნიკაა, საჭიროა ვიღაცამ ამას თავი გაართვას“.
უკრაინაში ქალების გაწვევას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს გეგმავენ, რაც ჯერ არასდროს გამოცხადებულა. თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ეს პრაქტიკა რუსეთის შემოჭრასთან კავშირში არ არის. ამ მეთოდით ცდილობენ უკრაინული ჯარი ნატოს სტანდარტს დაუახლოონ.
დაწერეთ კომენტარი