Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი წულაიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს


პოლიტიკოს გოგი წულაიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. საქმე ეხება ასმათ დვალიშვილთან, რომლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებაც აქვს წაყენებული, შესაძლო კომუნიკაციას.

წულაია ამბობს, რომ მას დვალიშვილისთვის "ფეისბუკზე" მეგობრობის თხოვნა არ გაუგზავნია და შემაკავებელი ორდერის გამოწერა მის მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

პოლიტიკოსის ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ გამოწერილი ორდერი სასამართლოში გაასაჩივრეს - საქმის განხილვა 30 დეკემბერს არის ჩანიშნული.

"თუ ამ ორდერის კანონიერება დამტკიცდება, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს დაჭერით არ დაიჭერენ, მაგრამ პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ", - თქვა გელბახიანმა.

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. თავად პოლიტიკოსი მის დაკავებას პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებდა.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს გოგი წულაიამ ამ სიტყვებით მიმართა მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილს, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს: "გაგინებ, მოდი და გამისწორდი".

წულაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 3,5 თვის გასვლის შემდეგ 6000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG