Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის „ქვეითი ჯარი“ და მისი მუქარის ადრესატები


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ, 2021 წლის ბოლოს საკუთარი დიდი პრესკონფერენცია გამართა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა რამზან კადიროვმა, რომელიც როგორც რესპუბლიკის შიდა საკითხების, ისე საერთაშორისო თემების თაობაზე ავტორიტარული, სახიფათო და ექსტრავაგანტური განცხადებებით გამოირჩევა.

26 დეკემბერს გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე, კადიროვმა უარყო ხელისუფლების კავშირი „მისი კრიტიკოსების ნათესავების გაუჩინარებასთან“ და ჩეჩნეთში მომხდარი სავარაუდო გატაცების ფაქტები რესპუბლიკაში მოქმედი „სისხლის აღების წესით“ ახსნა.

ჩეჩნეთის ლიდერმა საჭიროდ ჩათვალა ასევე გამოხმაურებოდა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბულობას და განაცხადა, რომ ბრძანების შემთხვევაში, „მზადაა „გადაწყვიტოს“ რუსეთისთვის ან ჩეჩნეთისთვის უკრაინის „მიერთების“ საკითხი.

„მე ჯერ კიდევ ყირიმის შემდეგ ვამბობდი: საჭიროა კიევის აღებაც-მეთქი“

ჩემი აზრით კადიროვი, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინს ახმოვანებს, რადგან სწორედ პუტინმა დაისახა ამოცანად უკრაინის მიერთება რუსეთის იმპერიასთან.
ინა კუროჩკინა

რამზან კადიროვი, რომელიც საკუთარ თავს ვლადიმირ პუტინის „ქვეით ჯარისკაცს“ უწოდებს, აუცილებლად მიიჩნევს უკრაინის რუსეთთან მიერთებას, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავაც გაატარებს ანტირუსულ პოლიტიკას.

„უკრაინა ჩვენს ქვეყანას უნდა მიუერთდეს, ეს ჩვენი ტერიტორიაა,“- თქვა კადიროვმა და დასძინა, რომ მისთვის რომ „ამ საკითხის მოგვარება“ დაევალებინათ, დიდი ხნის წინ გააკეთებდა ამას.

„მე ჯერ კიდევ ყირიმის შემდეგ ვამბობდი: საჭიროა კიევის აღებაც-მეთქი. ან ჩეჩნეთის რესპუბლიკას უკრაინას მივუერთებდი, ან დიდი ხნის წინ ავიღებდი და იქ გადავწყვეტდი საკითხს. მაგრამ არსებობს სახელმწიფო ხელშეკრულებები, რომელიც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ხელს უშლის“, - აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა 26 დეკემბერს, გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რამზან კადიროვმა გაიმეორა რუსეთის ხელისუფლების ნარატივი, რომ დასავლეთის ქვეყნები დაინტერესებული არიან უკრაინაში თავიანთი სამხედრო ბაზების გახსნით და სურთ თავიანთი პირობები უკარნახონ რუსეთს. ამასთან, ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაურო დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერი არ დაუშვებს მსგავსი გეგმების განხორციელებას.

საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარის გაკეთება არ შედის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის ლიდერის კომპეტენციაში, მაგრამ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელსაც თავი პუტინის ჯარისკაცად მიაჩნია, ამ მხრივ გამონაკლისია. რამზან კადიროვი მრავალი წელია ახმოვანებს ხოლმე კრემლის მოსაზრებებს ამა თუ იმ საერთაშორისო პრობლემაზე.

ინა კუროჩკინა
ინა კუროჩკინა

„ჩემი აზრით, კადიროვი, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინს ახმოვანებს, რადგან სწორედ პუტინმა დაისახა ამოცანად უკრაინის მიერთება რუსეთის იმპერიასთან. და ვინაიდან პუტინს გეგმაში აქვს საბჭოთა კავშირის აღდგენა, რომლის დაშლაც, როგორც ვიცით, მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედიაა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი (პუტინის და კადიროვის) საერთო მიზანია. ახლა მთელი მსოფლიო თავს იმტვრევს სწორედ იმაზე ფიქრით, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ ამოცანის რეალიზება უახლოეს ხანში ან პერსპექტივაში. ჩვენ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ყოველმხრივ უნდა დავუპირისპირდეთ მათ ამ მიზნის განხორციელებაში და ყოველმხრივ ვამხილოთ მათი ის პროპაგანდისტული ნარატივები, თითქოს უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რომ უკრაინა უნდა მიუერთდეს რუსეთს და რომ საბჭოთა კავშირის დაშალა დიდი შეცდომა იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ინა კუროჩკინა, დამოუკიდებელი ევროპული პროექტის NEP-პრაღის პროდიუსერი და დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი „საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ შეტევაზე“ გადასვლას ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის წლისთავზე, 2009 წელს ურჩევდა.

"საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის კონკრეტული დაავადებაა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს“, - აცხადებდა ჩეჩნეთის ლიდერი 2009 წელს ბრიტანულ გამომცემლობა "ტელეგრაფთან" ინტერვიუში.

„სისხლის აღება ჩეჩნეთში არავის გააუქმებია“

ისინი ტერორისტები არიან. ხოლო ის, ვინც ტერორიზმს მხარს უჭერს, თუ მათ არ შეუძლიათ მოუარონ თავიანთ შვილებს, მაშინ მათ პასუხი უნდა აგონ. ჩვენში სისხლის აღება არავის გაუუქმებია.
რამზან კადიროვი

26 დეკემბრის პრესკონფერენციაზე ჩეჩნეთის ლიდერი მისი ოპონენტების ნათესავების გატაცების და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის შესახებ წინა დღეებში გავრცელებულ ცნობებსაც გამოეხმაურა.

მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 22 დეკემბერს, ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა უცხოეთში მცხოვრები ოთხი ჩეჩენი ბლოგერის დაახლოებით 17 ნათესავი. გავრცელებული ცნობებით, გატაცებულები უცნობ ადგილას ჰყავთ შეპყრობილი, სადაც მათ აწამებენ, ხოლო თავად აქტივისტები კი იღებდნენ ანონიმურ მუქარებს მოთხოვნით, რომ მათი ნათესავების სიცოცხლის შენარჩუნებისა და გათავისუფლების სანაცვლოდ შეწყვიტონ ჩეჩნეთის პრომოსკოვური რეჟიმის კრიტიკა.

ოთხი ნათესავის გაუჩინარების თაობაზე ერთ-ერთმა პირველმა გერმანიაში მცხოვრებმა ბლოგერმა და იჩქერიის ადამიანის უფლებათა დაცვის (Human Rights Center Ichkeria) ცენტრის დირექტორმა ასლან არცუევმა გაავრცელა ცნობა.

ასლან არცუევი მისი ნათესავების დაკავებას უკავშირებს პუტინისა და კადიროვის კრიტიკას. კერძოდ, ცნობილია, რომ არცუევმა არაერთი აქცია ჩაატარა ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელეობის დეტალური გამოძიების მოთხოვნით.

რუსეთი უკიდურესად აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ 15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, მალხაზ (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ედება ბრალი. ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი. ამავე დროს რუსეთის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რაც დიპლომატების გაძევების ტოლფასია.

არსებობს მოსაზრება, რომ კრემლი და რამზან კადიროვი უნისონში მოქმედებენ იმ ჩეჩენი აქტივისტებისა და ბლოგერის წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც არცუევი, კადიროვს სწორედ პუტინთან, მის სპეცსამსახურებთან და ეფ-ეს-ბესთან ურთიერთობის კონტექსტში აკრიტიკებენ.

„ისინი მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია რამზან კადიროვის რეჟიმის გამოცალკევება რუსეთის სპეცსამსახურების რეჟიმისგან. მით უფრო, რომ რამზან კადიროვი, როგორც მან უწოდა საკუთარ თავს, პუტინის ქვეით ჯარისკაცად მოიაზრებს. და ასლან არცუევის მსგავსი ბლოგერები, რომლებიც ურტყამენ პუტინის რუსეთის დანაშაულებრივ რეჟიმს, ისინი ძალიან სერიოზულ საფრთხეში იგდებენ თავს. და 22 დეკემბერს მძევლად ასლან არცუევის ნათესავები, სწორედ იმ მიზნით აიყვანეს, რომ მან (არცუევმა) როგორც ბლოგერმა, შეწყვიტოს თავისი ოპოზიციურ-უფლებათდაცვითი საქმიანობა“, - ამბობს, ინა კუროჩკინა, დამოუკიდებელი ევროპული პროექტის NEP-პრაღის პროდიუსერი და დირექტორი, რომელსაც აქტიური კონტაქტები აქვს უცხოეთში მცხოვრებ ჩეჩენ ბლოგერებთან და პოლიტიკოსებთან.

ერთ-ერთი მათგანია, თურქეთში დევნილობაში მყოფი ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი. 22 დეკემბრის ღამით რამზან კადიროვთან დაახლოებულმა სამართალდამცველებმა დედის და მამის მხრიდან ექვსი მისი ნათესავი გაიტაცეს. ტელეგრამის არხით მან იმის შესახებაც გაავრცელა ცნობა, რომ მანამდე იყო სისხლის აღების მუქარა, თუ ისინი არ გააჩუმებდნენ უცხოეთში მცხოვრებ თავიანთ ნათესავს.

სხვათა შორის, „სისხლის აღება“ პრესკონფერენციაზე ახსენა ჩეჩნეთის ლიდერმაც, რომელმაც უარყო ადამიანის გატაცებასთან ხელისუფლების კავშირი, მაგრამ არ გამორიცხა, რომ ბლოგერების ნათესავების გატაცება მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანების მხრიდან შურისძიება იყოს.

„ქალებზე ლაპარაკი დაუშვებელია. ისინი კი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ალბათ, რომელიმე ამ, მათგან შეურაცხყოფილმა ადამიანმა მოიტაცა მათი ცოლები და დები, რათა მათ ის გაუკეთონ, რის გაკეთებასაც ჩვენი ქალების მიმართ ისინი ოცნებობენ, როდესაც შესაძლებლობა მიეცემათ, რომ დაგვხოცონ... ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ომი. ისინი ტერორისტები არიან. ხოლო ის, ვინც ტერორიზმს მხარს უჭერს, თუ მათ არ შეუძლიათ მოუარონ თავიანთ შვილებს, მაშინ მათ პასუხი უნდა აგონ. ჩვენში სისხლის აღება არავის გაუუქმებია", - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კრემლისა და პრომოსკოვური ჩეჩნეთის ლიდერისათვის მიუღებელ ჩეჩნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პირველი იყო ჩეჩენ სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი, ზელიმხან იანდარბიევი, რომელიც საზღვარგარეთ 2004 წლის ტერაქტის შედეგად დაიღუპა.

რუსეთის მიერ ძებნილი იანდარბიევი 1996-97 წლებში იყო ჩეჩნეთის მოქმედი პრეზიდენტი. შეიარაღებული ამბოხების ორგანიზებისთვის ბრალდებული იანდარბიევი დევნილობაში ცხოვრობდა კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც იგი მანქანაში ააფეთქეს.

რამზან კადიროვის ყოფილი მცველი, ისრაილოვი, ვენაში მოკლეს 2009 წლის 13 იანვარს, როცა ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა ოთხ ჩეჩენს, რომლებსაც რამზან კადიროვმა, სავარაუდოდ, მისი შეპყრობა და უკან, ჩეჩნეთში, ჩაყვანა დაავალა.

სულიმ იამადაევი, კადიროვთან დაპირისპირებული გავლენიანი ჩეჩნური კლანის წარმომადგენელი, 2009 წლის 28 მარტს მოკლეს თავში ნასროლი ტყვიით საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქ დუბაიში.

2020 წლის 30 იანვარს საფრანგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით მოკლული ნახეს იმრან ალიევი, 44 წლის ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც გამოირჩეოდა კრემლის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის, კრიტიკით.

40 წლის ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს გერმანიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით მოკლეს. საქართველოს პანკისის ხეობის მკვიდრს და 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, ჩეჩენი სეპარატისტების მხარეზე მეომარ ზელიმხან ხანგოშვილს, მანამდეც დაესხნენ თავს. კერძოდ 2015 წლის 28 მაისს თბილისის ცენტრში უცნობმა ბოროტმოქმედმა რამდენჯერმე ესროლა მას და მიიმალა. თავდასხმის მომენტში ხანგოშვილი იმყოფებოდა თავის ავტომობილში, რომელთანაც მიირბინა ახალგაზრდა მამაკაცმა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ზელიმხან ხანგოშვილმა მაშინ ჭრილობები მიიღო ხელისა და მხრის არეში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG