Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მოითხოვს შეჩერდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დაჩქარებულად განხილვა


სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

საპარლამენტო ოპოზიცია საშიშ პრეცედენტად აფასებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი სამსახურის შექმნას.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დღეს, 28 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ინსტიტუტთა რიცხვს, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, დასავლელი პარტნიორები:

„დღეს ნაცვლად იმისა, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ სამსახურის შემდგომი გაძლიერების მიზნით, რადგან სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მცდელობას, რის უკანაც იკვეთება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები.“

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ამას ადასტურებს ისიც, რომ კანონპროექტის მომზადებაში არ ჩართეს არათუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, არამედ ეს ინიციატივა მოულოდნელი იყო თავად სახელმწიფო ინსპექტორისა და მთლიანად სამსახურისთვის.

ოპოზიციის განცხადებით, უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, საშიში პრეცედენტია და აზრს უკარგავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის კონკრეტული ვადით მინიჭებულ ხელშეუხებლობას:

„ამასთან, ინიცირებული რესტრუქტურიზაციის საფარქვეშ პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის ვადაზე ადრე ფაქტობრივი გადაყენება თანამდებობიდან, გარდა უშუალოდ ამ ინსტიტუტზე დარტყმის და დასუსტებისა, არის ღია გზავნილი სხვა, ხელისუფლებისგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი თანამდებობის პირის თუ საჯარო მოხელის მიმართ, რომ ისინი შეიძლება მკაცრად დაისაჯონ პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის“.

საპარლამენტო ოპოზიციას პრინციპულად მიაჩნია, რომ პარლამენტმა ჯერ განიხილოს რეგლამენტით დადგენილი წესით, 8 თვის წინ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მსჯელობა კანონში ცვლილებების მიზანშეწონილობის შესახებ.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ უმრავლესობამ შეაჩეროს საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რათა პარლამენტმა უზრუნველყოს საკითხის ყოველმხრივი, მიუკერძოებელი შესწავლა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ეს იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შეტევის მორიგი პრეცედენტი და დემოკრატიზაციის გზაზე მორიგი უკანგადაგმული ნაბიჯი. განცხადებას ხელს აწერს ყველა ოპოზიციური ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი. ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები. ხელმომწერთა შორის არ არიან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ დაჩქარებული წესით განსახილველად ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ხელოვნურადაა გაერთიანებული ორი განსხვავებული ფუნქცია - გამოძიება და პერსონალური მონაცემები, რაც დაახლოებით იგივე აბსურდია, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია ლონდა თოლორაია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG