Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ლონდა თოლორაიას მიმართ არავითარი პრობლემა არ აქვთ


"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დღევანდელი სახით ჩამოყალიბება იყო მათი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი. ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა, იყო თუ არა ეს ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში დღეს, 27 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, რას უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმება და ამ სამსახურის ნაცვლად ორი სამსახურის შექმნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, თავის დროზე, „საყოველთაო რეკომენდაცია“ იყო, რომ ეს სამსახური უნდა ჩამოყალიბებულიყო ორ ნაწილად და ერთმანეთისგან გამიჯნულიყო გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები:

„თავის დროზე, კონკრეტული რაღაცა პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს ასე არ გაკეთდა, ასე არ მოხდა. ახლა არის დრო იმისათვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით სინამდვილეში. არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში. პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში. ინსტიტუციურად ამას არ აქვს ალტერნატივა“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია საქმის კურსში ჩააყენეს მხოლოდ შესაბამისი კანონპროექტის ინიცირების შემდეგ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ხელოვნურადაა გაერთიანებული ორი განსხვავებული ფუნქცია - გამოძიება და პერსონალური მონაცემები, რაც დაახლოებით იგივე აბსურდია, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები.

ჟურნალისტების შეკითხვას, თავის დროზე რატომ არ გაიმიჯნა ორი ფუნქცია, კობახიძემ უპასუხა, რომ მაშინ სწორად ჩამოყალიბებას ემხრობოდა გუნდის უმრავლესობა, თუმცა, არსებობდა „გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი“. შეკითხვას, ადანაშაულებს თუ არა გიორგი გახარიას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ "არავითარ გვარს არ ასახელებს". შეკითხვას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას ხომ არ განიხილავენ გახარიას გუნდის წევრად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში. ჩვენ არავითარი პრობლემა კონკრეტულად ლონდა თოლორაიას მიმართ არა გვაქვს. აქ საუბარია ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს“.

ირაკლი კობახიძე იმასაც უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რაიმე კავშირი აქვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნასთან. 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:

  • ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
  • მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
  • რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
  • რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური - 2000 ლარით.

გასული კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია ლონდა თოლორაია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG