Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას შეხვდა


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი მნიშვნელოვანი უწყებაა, რომლის ფუნქცია და მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა. ასევე, მის მოვალეობებში შედის სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს საჯარო მოხელეების მიერ და ამით უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე...

ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია იქნება პარლამენტის მიმართ, რომ გარკვეულწილად ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ რეორგანიზება მიდის, მასში გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები, რომლებიც მიმართულია ამ სამსახურის გაძლიერებისკენ და ამ პროცესში ჩაერთონ როგორც ინსპექტორის სამსახური, ისე ექსპერტები და დაინტერესებული პირები", - თქვა ელჩმა.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც 2022 წლის 1 მარტიდან არა მხოლოდ ინსპექტორის სამსახურის დაშლას, არამედ თანამშრომლების გათავისუფლებას გულისხმობს.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაცია ფიქრობს, რომ პარლამენტმა, "ქართულმა ოცნებამ", სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების გამო მიიღო.

"სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის წევრების ["ქართული ოცნების"] მიერ კომენტარებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იქნა ნათქვამი და დღეს უკვე ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

მანვე ისაუბრა რამდენიმე გარემოებაზე, რომლებიც მას კითხვებს უჩენს:

"კანონპროექტის დაინიცირების დრო, რატომღაც, დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად".

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG