Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა საქართველოს მოუწოდებს სააკაშვილის მიმართ პატივისცემით მოპყრობისკენ


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასათანადო უწოდა სამხედრო ჰოსპიტლიდან საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მცდელობას. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 28 დეკემბერს, საღამოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებული საქართველოს პენიტენციური სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ კანონით დადგენილი პროცედურა არ ითვალისწინებს პატიმრის გადაყვანის შეთანხმებას მის ადვოკატებთან.

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საპატიმროში მისი გადაყვანის შესაძლებლობას და მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივისცემით მოეპყროს უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები.

კიევში ასევე მიიჩნევენ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინელ ექიმებს უნდა მისცეს სააკაშვილის გამოკვლევის შესაძლებლობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, გრძელდება მუშაობა ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის და ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა ცხადია. დღეს, 29 დეკემბერს სააკაშვილს უკრაინის კონსული შეხვდება.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება 27 დეკემბერს გადაწყვიტა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

28 დეკემბერს, ჯერ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების საფუძველზე, მისი გაწერის გადაწყვეტილება ჰოსპიტალმა მიიღო, რასაც მოჰყვა სააკაშვილის აღელვება და არტერიული წნევის მატება, ამიტომ კლინიკაში დატოვეს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უარყო, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანას ცდილობდნენ. ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მინისტრი ცრუობს და მოითხოვს, საჯარო გახდეს ჰოსპიტლის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG