Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს


შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, 45 წლის შალვა პაპუაშვილი.

დღეს, 29 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა კენჭისყრის წინ დარეგისტრირებული 104-დან 88 დეპუტატმა 1-ის წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" უმრავლესობის წარმომადგენელთა გარდა, ოპოზიციიდან პაპუაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს პარტიების, "მოქალაქეების", "გირჩის" და "ევროპელი სოციალისტების" წევრებმა.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, სხდომაზე გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა მის წინამორბედს, კახა კუჭავას. პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი ის ინსტიტუციაა, სადაც ყველაზე მეტად გამოხატულია ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს ძალა, ამიტომ იდგება საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე და იქნება ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი.

შალვა პაპუაშვილმა ილაპარაკა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკურ პრიორიტეტსა და „ქართული ოცნების“ გუნდის ამოცანაზე, 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ამიტომ, მისი თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში პარლამენტს ელოდება საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

პაპუაშვილმა ეროვნულ ამოცანად დაასახელა ქვეყნის გამთლიანება და „აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება“.

„ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერად არჩევამდე პაპუაშვილი განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. პროფესიით იურისტი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრად არჩევამდე ხელმძღვანელობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) საქართველოს წარმომადგენლობას.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შეცვალა კახა კუჭავა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერად 2021 წლის 27 აპრილს არჩეულმა კახა კუჭავამ თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა, თუმცა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრად რჩება. კუჭავამ უარი თქვა პარლამენტის წევრის მანდატზეც.

კახა კუჭავას გადადგომის გადაწყვეტილება 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პირველმა გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან და შემდეგ კუჭავამაც გადაწყვეტილება დაუკავშირეს ჯერჯერობით უცნობ, „მნიშვნელოვან პროექტს“, რომელზეც კახა კუჭავამ უნდა იმუშაოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG