Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მას ესმოდა დასავლელი პარტნიორების ენა" - კუჭავას წასვლა თუ გაშვება?


პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 5-6  ივლისს, მოძალადე ჯგუფების მიერ ორჯერ ჩამოგლეჯილ ევროკავშირის დროშას პარლამენტის წინ აბრუნებს. 2021 წლის, 7 ივლისი
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 5-6  ივლისს, მოძალადე ჯგუფების მიერ ორჯერ ჩამოგლეჯილ ევროკავშირის დროშას პარლამენტის წინ აბრუნებს. 2021 წლის, 7 ივლისი

ბოლო 8 თვის მანძილზე კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის უკვე მეორე გადამდგარი თავმჯდომარეა. ხელისუფლების ოპონენტებსა და ექსპერტებს არ სჯერათ, რომ სახელმწიფოში რიგით მეორე უმაღლესი თანამდებობა მან თავისი ნებით დატოვა, მით უფრო - ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველი „სახელმწიფოებრივი პროექტის“ გამო.

24 აპრილს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ასევე გადამდგარი არჩილ თალაკვაძის ადგილმონაცვლედ დასახელდა, მის მთავარ ღირსებათა შორის საგანგებოდ აღინიშნა „საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება“. თუმცა კახა კუჭავამ ვერ შეაჩერა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ხელისუფლების მისამართით.

საერთაშორისო ურთიერთობებზე საუბრისას, ექსპერტებს მის მიერ გადადგმულ ყველაზე მკაფიო ნაბიჯად, მოძალადე რადიკალური ჯგუფების მიერ 5-6 ივლისს ორჯერ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშის უკან დაბრუნება ახსენდებათ.

  • რამდენად დამაჯერებელია კახა კუჭავას მიერ დასახელებული გადადგომის მიზეზი და რა რეალობა რჩება პარლამენტში მისი წასვლის შემდეგ?
  • რა შეკითხვებს აჩენს და რას შეცვლის „ქართული ოცნების“ მიერ (მორიგ) როტაციად წოდებული ეს საკადრო ცვლილება?

გასაიდუმლოებული პროექტისთვის

42 წლის კახა კუჭავამ, ისე რომ მანამდე წასვლის არაფერი ეტყობოდა და საკანონმდებლო ორგანოს რეფორმირების გეგმებზეც ლაპარაკობდა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზეც და სადეპუტატო მანდატზეც უარი ერთ დღეში, 25 დეკემბერს თქვა და ისიც დასძინა, რომ წასვლის საკითხზე თანაგუნდელებს დაახლოებით ერთი თვე ესაუბრებოდა.

კუჭავა წავიდა არა პრემიერ-მინისტრად, როგორც მას ამას ცოტა ხნით ადრე მედია უწინასწარმეტყველებდა, არამედ წავიდა იმ „ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პროექტისთვის“, რომლის შესახებაც საზოგადოებას „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით საერთოდ არაფერს ეუბნება.

არის დაპირება, რომ ამ პროექტის დეტალები ცნობილი 2022 წელს გახდება, ანუ ერთ, რომელიმე დღეს, მომავალი წლის 365 დღიდან; თუმცა, როცა ეს დღე მოვა, კუჭავას სჯერა, რომ „დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს“, რომელიც თანამდებობიდან მის გადადგომას უკავშირდება.

  • როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ამ „ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტის“ დეტალებს ახლა იმიტომ ვერ აკონკრეტებენ, რომ „რაღაცეებზეა დამოკიდებული კონკრეტულად გეგმის შინაარსი“.
  • პარალელურად, კობახიძე პარლამენტის სპიკერის გადადგომას „როტაციასაც“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ კუჭავამ „თავისი პრიორიტეტის“ მიხედვით იმოქმედა.
  • „დიდი ხანია, კახა კუჭავას აქვს გარკვეული კონცეფცია და და მისი გადადგომა არ არის განპირობებული რაიმე სხვა მიზეზით“, - ეს უკვე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის სიტყვებია.

ექსპერტსა და ტელეწამყვანს, არჩილ გამზარდიას, რომელიც 2015 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“, არ ეგულება პროექტი, მასშტაბების მიუხედავად, რომ კახა კუჭავას არჩევანი ლოგიკურად ახსნას.

გამზარდიას ეჭვი არ ეპარება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გაუშვეს.

„მისი [კახა კუჭავას] აშკარა არჩევანი იყო საპარლამენტო საქმიანობა და არც პარლამენტის თავმჯდომარეობაზე თქვა უარი და წარმოუდგენელია, რომ 8 თვეში გადაიფიქრა. არც ის ჩანს, რომ იმ რაღაც გაურკვეველ სახელმწიფო პროექტს კუჭავას მსგავსად ან უკეთესად სხვა ვერავინ გაუძღვებოდა... იდეაში ხომ ეს უნდა იყოს ამის ახსნა?!

მიუხედავად იმისა, რომ კუჭავა იყო უფერული და რაფინირებულად მორჩილი, ის ვერ გახდა იმავე კონტექსტის ნაწილი, როგორიც არის, მაგალითად, კობახიძე, ღარიბაშვილი და კალაძე... მას არ ჰქონდა მდარე აგრესიის მატარებელი ტექსტები და ასეთი პირი არ სჭირდებათ „ქართულ ოცნებაში“. მის მიმართ ოპოზიციასაც სავსებით ზომიერი განწყობა ჰქონდა... ბიძინას [ივანიშვილი] არ უყვარს პირები, რომლებიც გარკვეული რეპუტაციის შექმნას ცდილობენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას არჩილ გამზარდია.

იგეგმება, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას დეპუტატები მიმდინარე კვირაში უყრიან კენჭს. გამზარდიას დაკვირვებით, პაპუაშვილი გაცილებით უკეთესად ერგება მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტის თარგს.

"თუკი პაპუაშვილი გადაწყვეტს, რომ გახდეს უფრო სოლიდური პარლამენტის თავმჯდომარე და საკუთარი რეპუტაცია შეიქმნას, მასაც იგივე ბედი ელის", - ასეთია გამზარდიას პროგნოზი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ მოელიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თავმჯდომარის ცვლილება რაიმეს შეცვლის საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან, მაგალითად, ერთი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდაც იმავე სახით დამტკიცების იმედები, არც კახა კუჭავას მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდა.

ოპოზიციონერების ნაწილისთვის კუჭავას ჩანაცვლება წარმოადგენს უარის თქმას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

თუმცა, 25 დეკემბერს, როცა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელეს, შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გააკეთა.

„ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდატეხა უნდა შეიტანოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაში. ამასთან, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, პარლამენტს ასევე დიდი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში... ამ ორივე მიზნის შესასრულებლად მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამონაწილეობა, რის დიდი იმედიც მაქვს და რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ“, - თქვა პარლამენტის მომავალმა თავმჯდომარემ.

კუჭავა და საერთაშორისო პარტნიორები

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას დიპლომატებისგან თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, სხვადასხვა წრეში არაერთხელ სმენია, რომ კუჭავასთან კომუნიკაცია უადვილდებოდათ და „მას ესმოდა დასავლელი პარტნიორების ენა".

„ეს იყო მისი უპირატესობა და მე მგონია, რომ მიზეზი, რის გამოც ის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, სწორედ ეს იყო. რატომ წავიდა? გაუგებარია, რადგან ეგ პრობლემა არ მოხსნილა. „ქართულ ოცნებას“ კვლავ აქვს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პრობლემები... რაც მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პერსონალიებს მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერს ერთი ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] მართავს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კორნელი კაკაჩია.

  • 8 თვის წინ, 24 აპრილს, როდესაც პარტიის სახელით პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურად დაასახელა, ირაკლი კობახიძემ კახა კუჭავას ღირსებათა შორის „საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება“ დაასახელა.

კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ გარკვეული უკმაყოფილება თავად კუჭავასაც დაუგროვდა, კრიტიკის მოსმენით დაიღალა, სამოქმედოდ სხვა არეალი შეარჩია და „აღარ დაახიეს კალთები - დარჩიო“.

დასავლელ პარტნიორებთან ღია კომუნიკაციის დროს კუჭავა ხშირად ლაპარაკობდა საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების საჭიროებაზე და ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზეც; მაგრამ მას „ქართული ოცნებისგან“ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია არასოდეს გამოუხატავს.

მას თანაგუნდელების მსგავსი პოზიცია ჰქონდა, მაგალითად, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ყველაზე მთავარ საგანთან - მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

  • 24 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ საპასუხო წერილი გაუგზავნა აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩებს და შეატყობინა, რომ არ დაკმაყოფილდება მათი რეკომენდაცია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დამტკიცებისა და უზენაესი სასამართლოსთვის ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერების შესახებ.
  • პოსტზე ახლად არჩეულმა პარლამენტის თავმჯდომარემ წერილობით განუმარტა დიპლომატებს, რომ პროცესები კონსტიტუციასთან, კანონსა და 19 აპრილის შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაში მიმდინარეობდა და სამომავლოდაც ასე გაგრძელდებოდა.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან ერთად გაგრძელდა საერთაშორისო კრიტიკაც. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ დაპატიჟებული დიპლომატები არ მივიდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე პარლამენტში.

გარკვეულწილად განსხვავებული იყო კახა კუჭავას პოზიცია 5 ივლისის მოვლენებთან და ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით. მოძალადეების მიერ 5-6 ივლისს ორჯერ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა, პარლამენტის შენობის წინ, 7 ივლისს სწორედ კახა კუჭავამ აღმართა.

ის ამისთვის შეაქო ოლივერ ვარჰეიმ, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, რომელიც ზუსტად იმ დროს სტუმრობდა საქართველოს.

მაშინ, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი და მათ შორის - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ძალადობის უამრავი ფაქტის მიღმა ოპონენტების ბრალეულობაზე ლაპარაკობდა და პასუხისმგებლობას დაზარალებულებსაც აკისრებდა, არჩილ გამზარდიას შთაბეჭდილებით - დროშის აღმართვით კუჭავა თანაგუნდელებს გაემიჯნა.

„მან აჩვენა, რომ არ იზიარებს მოძალადეების ირიბ მხარდაჭერას. ამით თქვა - მარტო ვარ და მეტი არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ ჩავიდე და დავაბრუნო დროშა...

ერთ უცნაურ მაგალითს მოვიყვან... ჩემთვის ეს ჰგავს - აი, მოზარდები კატის მოკვლას რომ აპირებენ და ერთი რომ წავა, გაეცლება იმ ადგილს. წინააღმდეგობას კი არ უწევს სხვებს, არამედ უბრალოდ მიდის იმიტომ, რომ თავის თავთან იყოს მართალი ... კუჭავამ ამით საერთაშორისო პარტნიორებს დაანახა - მე ამ კონტექსტში ნუ განმიხილავთო... დროშის ადგილზე დაბრუნება სხვაგვარი ორგანიზებითაც შეიძლებოდა. მაინცდამაინც თავმჯდომარეს უნდა აღემართა?!“ - ამბობს გამზარდია.

არჩილ გამზარდიას ეეჭვება, რომ კუჭავა შესაძლოა სამომავლოდ პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ. მისი აზრით, დაწინაურებისთვის გამიზნული თანამდებობის პირი პოსტიდან ამ ფორმით არ წავიდოდა.

2019 წლის 14 ნოემბერს, როცა პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული სრულად პროპორციული არჩევნების საკითხი ჩავარდა და ახალგაზრდა პროდასავლური ორიენტაციის 10-მდე დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა, ბევრი მოელოდა, რომ მათ რიგებში იქნებოდა კახა კუჭავა; მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

2019 წლის 28 ნოემბერს, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პარლამენტი, თანამდებობასთან ერთად, კუჭავამ არასრული 13 თვის შემდეგ დატოვა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG