Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში უკრაინის საკონსულოს თანამშრომლები შევიდნენ


პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინის საკონსულოს თანამშრომლები შევიდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა.

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არც კლინიკაში შესვლამდე და არც შეხვედრის შემდეგ, მედიას კომენტარს არ მისცემდნენ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შეცვლილი რეგულაციებით, ვიზიტორების შესვლა დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაში - 16:00 საათიდან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

დღეს, 29 დეკემბერს, სააკაშვილის სანახავად კლინიკაში მისული იყო მისი თანაგუნდელი და პარლამენტის წევრი ეკა ხერხეულიძე. მან მედიასთან არ ისაუბრა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა: "არ შემიძლია, ის ძალიან ცუდად არის".

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება 27 დეკემბერს გადაწყვიტა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

28 დეკემბერს ჯერ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების საფუძველზე, მისი გაწერის გადაწყვეტილება ჰოსპიტალმა მიიღო, რასაც მოჰყვა სააკაშვილის აღელვება და არტერიული წნევის მატება, ამიტომ კლინიკაში დატოვეს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG