Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯიშკარიანი არ შეუშვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში


ცენტრის "ემპათია" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი არ შეუშვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად იყო მისული. მარიამ ჯიშკარიანი ჰოსპიტალთან 6 საათამდე მივიდა - ჰოსპიტალში შესვლა, ახალი წესის მიხედვით, გარე პირებისთვის შესაძლებელია მხოლოდ 4-დან 6 საათამდე. მარიამ ჯიშკარიანს სურდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეეფასებინა და ცენტრს იმ ძალადობის დოკუმენტირება მოეხდინა, რასაც სავარაუდოდ ჰოსპიტალში ადგილი ჰქონდა 27 დეკემბერს, როცა პენიტენციური სამსახური მის გადაყვანას ცდილობდა რუსთავის ციხეში.

"პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ გვაქვს ნებართვა, დღეს ჩვენ ჩამოვედით აქ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების ახალ ფაქტს. ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრ "ემპათიის" ეგიდით და ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევა. პატიმარს აქვს უფლება, მიმართოს ალტერნატიულ ექსპერტიზას და ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შესაბამისად, ამას განვიხილავთ როგორც ხელის შეშლას ექსპერტიზაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ სურვილი, დოკუმენტირებული იყოს [არასათანადო მოპყრობის] ფაქტი, რაც მოხდა აქ და არ იყოს დოკუმენტირებული შედეგები, რომელიც დადგა ამ კანონდარღვევის შედეგად. ალბათ მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს უკრაინის საკონსულოს თანამშრომლებმა. მის ნახვას ცდილობს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც. კომენტარის გარეშე დატოვა გორის სამხედრო ჰოსპიტალი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება 27 დეკემბერს გადაწყვიტა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

28 დეკემბერს ჯერ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების საფუძველზე, მისი გაწერის გადაწყვეტილება ჰოსპიტალმა მიიღო, რასაც მოჰყვა სააკაშვილის აღელვება და არტერიული წნევის მატება, ამიტომ კლინიკაში დატოვეს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG