Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი და პუტინი მოლაპარაკებას გამართავენ, უკრაინის გარშემო დაძაბულობის ფონზე


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 30 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, იმ ფონზე, როცა მატულობს დაძაბულობა უკრაინასთან რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის და მოსკოვის მხრიდან ნატოსთვის უსაფრთხოების სფეროში წამოყენებული მოთხოვნების გამო.

როგორც აღნიშნავენ, საუბარი რუსეთის მხარის მოთხოვნით შედგება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივნის ემილი ჰორნის თქმით, ბაიდენი დათანხმდა, ვინაიდან „მიაჩნია, რომ როცა საქმე რუსეთს ეხება, ლიდერებს შორის პირდაპირ დიალოგს ვერაფერი შეცვლის“.

ორი ლიდერი "საკითხების სპექტრზე ისაუბრებს, მათ შორის რუსეთთან დაგეგმილ დიპლომატიურ ჩართულობაზე", - განაცხადა ემილი ჰორნმა.

ბაიდენის და პუტინის საუბარი დღეს, 30 დეკემბერს, გაიმართება 10 იანვარს ჟენევაში დანიშნული შეხვედრის წინ, რომელზეც განიხილავენ იარაღის კონტროლს და მზარდ დაძაბულობას უკრაინის გარშემო. წინა ლაპარაკისას, მიმდინარე თვეში, ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთის სამხედროები უკრაინას თავს დაესხმებიან, ამას "მძიმე შედეგები" მოჰყვება.

ამჯერად ბაიდენი პუტინს ეტყვის, რომ აშშ "მზადაა დიპლომატიისთვის და დიპლომატიური გზით წინსვლისთვის", - უთხრა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს. "მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ პასუხისთვის იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი წინ წავა და უკრაინაში კიდევ უფრო შეიჭრება", - დასძინა მან.

ორ ლიდერს შორის ბოლო საუბრის შემდეგ, კრემლმა საჯაროდ გაავრცელა მოთხოვნების სია, რომლებსაც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, აშშ და მისი მოკავშირეები უარყოფენ. მოთხოვნები მოიცავს ნატოს მხრიდან უარის თქმას ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის მიღებაზე. მოსკოვს ასევე სურს ნატომ შეაჩეროს სამხედრო წვრთნები მის საზღვრებთან და შეამციროს სამხედრო ძალები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

XS
SM
MD
LG