რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „დარწმუნებულია“ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ეფექტიანი დიალოგის შესაძლებლობაში. ეს პუტინმა თქვა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, მოლაპარაკების წინ, რომლის ფონია მზარდი დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მოზღვავების და კრემლის მოთხოვნის გამო, მიიღოს ნატოსგან უსაფრთხოების ფართო გარანტიები.
როგორც თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ემილი ჰორნმა განაცხადა, ორი ლიდერი 30 დეკემბრის სატელეფონო საუბრის დროს განიხილავს თემათა რიგს, მათ შორის, მომავალ დიპლომატიურ მოლაპარაკებას რუსეთთან.
მსოფლიო ლიდერებისადმი პუტინის საზეიმო მიმართვაში, რომელიც კრემლში გამოქვეყნდა 30 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ "დარწმუნებულია", რომ ...შეგვიძლია წინსვლა და რუსულ-ამერიკული ეფექტიანი დიალოგის წარმართვა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ორივე მხარის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებას დაეფუძნება".
როგორც აღნიშნავენ, სატელეფონო საუბარი 30 დეკემბერს რუსეთის მხარის მოთხოვნით შედგება. ემილი ჰორნის თქმით, ბაიდენი დათანხმდა, ვინაიდან „მიაჩნია, რომ, როცა საქმე რუსეთს ეხება, ლიდერებს შორის პირდაპირ დიალოგს ვერაფერი შეცვლის“.
ბაიდენის და პუტინის საუბარი დღეს, 30 დეკემბერს, გაიმართება 10 იანვარს ჟენევაში დანიშნული შეხვედრის წინ, რომელზეც განიხილავენ იარაღის კონტროლს და მზარდ დაძაბულობას უკრაინის გარშემო. წინა ლაპარაკისას, მიმდინარე თვეში, ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ, თუ რუსეთის სამხედროები უკრაინას თავს დაესხმებიან, ამას "მძიმე შედეგები" მოჰყვება.
ამჯერად ბაიდენი პუტინს ეტყვის, რომ აშშ "მზადაა დიპლომატიისთვის და დიპლომატიური გზით წინსვლისთვის", - უთხრა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს. "მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ პასუხისთვის იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი წინ წავა და უკრაინაში კიდევ უფრო შეიჭრება", - დასძინა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, ხოლო აშშ-ის დელეგაციისა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შერმანი.
ზახაროვას თქმით, მოლაპარაკების დროს რუსეთის მხარე შეეცდება აშშ-ისგან მიიღოს რუსეთის უსაფრთხოების დაცვის მტკიცე გარანტიები, კერძოდ ის, რომ „ნატო არ იმოძრავებს აღმოსავლეთისკენ და იარაღის სისტემები, რომლებიც რუსეთს ემუქრება, არ განლაგდება ჩვენი საზღვრების ახლოს“- თქვა ზახაროვამ.
ორ ლიდერს შორის ბოლო საუბრის შემდეგ, კრემლმა საჯაროდ გაავრცელა მოთხოვნების სია, რომლებსაც, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, აშშ და მისი მოკავშირეები უარყოფენ. მოთხოვნები მოიცავს ნატოს მხრიდან უარის თქმას ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის მიღებაზე. მოსკოვს ასევე სურს ნატომ შეაჩეროს სამხედრო წვრთნები მის საზღვრებთან და შეამციროს სამხედრო ძალები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
დაწერეთ კომენტარი