Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებულია ირანის მიერ ხომალდის გაშვების გამო, რადგან ამაში ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარების საფრთხეს ხედავს


ირანის სატელიტური რაკეტის, "სიმორყის" გაშვება დაუდგენელი ადგილიდან, 2017 წლის 27 ივლისი.
ირანის სატელიტური რაკეტის, "სიმორყის" გაშვება დაუდგენელი ადგილიდან, 2017 წლის 27 ივლისი.

30 დეკემბერს აშშ-მა გამოხატა შეშფოთება ირანის მიერ ახალი კოსმოსური ხომალდის გაშვების გამო და განაცხადა, რომ ამგვარი აქტის დროს გამოიყენება ტექნოლოგიები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ „კვლავაც შეშფოთებულია ირანის მიერ კოსმოსური რაკეტმზიდების განვითარების გამო, რომლებიც იარაღის გავრცელების თვალსაზრისით სერიოზული შეშფოთების საფუძველია“.

"კოსმოსური რაკეტმზიდები შეიცავენ ტექნოლოგიებს, რომლებიც პრაქტიკულად ბალისტიკურ რაკეტების ტექნოლოგიის იდენტურია“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მათ შორისაა „შორი რადიუსის სისტემები“. მანვე განაცხადა, რომ ირანის მიერ ხომალდის გაშვება გაეროს რეზოლუციის დარღვევას ნიშნავს.

30 დეკემბერს ირანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, აჰმად ჰოსეინიმ განაცხადა, რომ გაშვებულია ხომალდი სამი თანამგზავრით და სასარგებლო დატვირთვამ მიაღწია 470 კილომეტრს.

არ არის ცხადი, მოხდა თუ არა რომელიმე ობიექტის დედამიწის ორბიტაზე გაყვანა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო "თასმინს" მოჰყავს აჰმად ჰოსეინის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, რაკეტის გაშვების მიზანი "კოსმოსური კვლევაა“.

ცნობა რაკეტის გაშვების შესახებ გამოქვეყნდა თეირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ვენაში მიმდინარე რთული მოლაპარაკებების ფონზე 2015 წლის შეთანხმების შესახებ, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა შეზღუდა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ეს შეთანხმება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ შეთანხმებიდან გამოვიდა და კვლავ დაუწესა სანქციები ირანს 2018 წელს.

28 დეკემბერს ევროპის წარმომადგენლებმა ვენის მოლაპარაკებებზე გამოსცეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "ჩვენთვის ცხადია, რომ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როცა ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის გაფართოება მთლიანად დაარღვევს" 2015 წლის შეთანხმებას".

შეთანხმებიდან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შეთანხმება არ ზღუდავდა ირანის სტრატეგიული რაკეტების პროგრამას.

გაშვების წარუმატებელმა ცდებმა ირანის სამოქალაქო კოსმოსურ პროგრამას ზიანი მიაყენა. ხოლო პარალელური პროგრამით, რომელსაც განაგებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, 2020 წელს თანამგზავრის წარმატებით გაშვება განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG