Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ვარდოსანიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


ბექა ვარდოსანიძე
ბექა ვარდოსანიძე

ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩეული აქტივისტი და ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე 2 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პირად ფეისბუკ გვერდზე ჩართული ლაივიდან ინფორმაცია გაავრცელა ვარდოსანიძის თანამოაზრემ, ანტივაქსერული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორმა და ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარემ ზვიად ტომარაძემ.

ვარდოსანიძეს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა) დარღვევას, რაც იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ვარდოსანიძის ადვოკატი თემურ ლომიძე აცხადებდა, რომ დაკავების წინ, მათ ეგონათ, პოლიციაში იმყოფებოდნენ ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძის მიერ შეტანილი განცხადების გამო, თუმცა ლომიძის თქმით, პოლიციის უფროსმა განუმარტა, რომ ბექა ვარდოსანიძე დააკავეს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო.

„დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზეც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება)“, - წერდა ფეისბუკის პირად გვერდზე ზვიად ტომარაძე.

რაც შეეხება ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძესთან დაკავშირებულ საქმეს, კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

ბექა ვარდოსანიძის ადვოკატს თემურ ლომიძეს იმედი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დააჯარიმებენ - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 11 იანვარს გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG