Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელები „საზღვრის“ კვეთის შეცვლილი წესის და საერთოდ ჩაკეტვის შიშის პირისპირ


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ადგილობრივი დე ფაქტო ორგანოების მიერ სოხუმში დამოწმებული საბუთი - „ფორმა №9“ აქვთ, ახალი წლიდან აღარ შეუძლიათ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა. ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით უამბო, რომ მათ, ვისაც „ფორმა №9“ ჰქონდა, საოკუპაციო ხაზზე ორივე მიმართულებით გადაადგილების უფლება 31 დეკემბრის ჩათვლით მისცეს, ახალი წლის პირველ დღეებში კი, გამონაკლისის სახით დართეს დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში დაბრუნების ნება.

მიუხედავად ამისა, გალის რაიონში მცხოვრებთა ნაწილს ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ამოქმედებული ახალი წესი რეალურად არ აღსრულდება და ისევ შეძლებენ „ფორმა №9“-ით სარგებლობას. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის ამ საბუთს იყენებდნენ ისინი, ვისაც არ აქვს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა, ან იქ გაცემული „ბინადრობის მოწმობა“, რომელსაც, როგორც წესი, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აძლევენ.

რადიო თავისუფლების გალელი წყაროების თანახმად, საახალწლო დღეებში, სხვა დროსთან შედარებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება პასიურია, ამიტომ, ფიქრობენ, რომ ახალი წესის რეალურად ამუშავების მასშტაბი გაირკვევა იანვრის მეორე ნახევრიდან, როცა ენგურის ხიდის გავლით მიმოსვლა ისევ გააქტიურდება.

ამასთან, გალის რაიონში მცხოვრებნი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ცნობების გამო შიშობენ, რომ კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის საბაბით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს საერთოდ დაკეტავს. ამგვარი შესაძლებლობით შეშინებულმა, რადიო თავისუფლების ერთ-ერთმა გალელმა რესპონდენტმა ახალი წლისთვის თავის სოფელში ჩასვლაზე უარი თქვა და ზუგდიდში დარჩა:

„მეშინია, იქ [აფხაზეთში] არ დავრჩე... ამბობდნენ, რაღაც შეიცვლება, ამ კორონავირუსის გამო ახალი რეგულაციები იქნებაო. ვერ გავიგე, კეტავენ თუ არა და ამიტომ ვერ წავედი, თორემ ახალ წელს მინდოდა გადასვლა“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ 2022 წლიდან იკრძალება ე.წ. საზღვრის „ფორმა №9“-ით გადაკვეთა, გალელებმა 2021 წლის ნოემბრის ბოლოს შეიტყვეს ადგილობრივი აფხაზური ადმინისტრაციისგან. ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულ მოპყრობად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“. კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ 2021 წლის ბოლოს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ გალელებისთვის დოკუმენტების აღებას ართულებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული კორუფციული გარემოც. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გალელებს საბუთების ჩასაბარებლად უწევთ გრძელ რიგში დგომა და თითოეულ საბუთში 1 500 რუსული რუბლის (დაახლოებით 29 აშშ დოლარის) გადახდა. სხვა შემთხვევაში, ლოდინი რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევთ და დამატებით, ქრთამის სახით 2 000 რუბლს იხდიან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ე.წ. დოკუმენტების თემას გავლენა აქვს გალის რაიონისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილ წილზეც. კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმი მიიჩნევს, რომ გალის რაიონს სუბსიდირება უნდა შეუმცირდეს, რადგან "აფხაზეთის მოქალაქეობა" იქ მცხოვრებთა მცირე ნაწილს აქვს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო ე.წ. კანონი, რომელიც რეგიონში მცხოვრები „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირის სამართლებრივ სტატუსს“ განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით, დროებითი ბინადრობის მოწმობას აძლევენ ძირითადად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის მცხოვრებთ. ამ მოწმობის აღებაზე გალელების დიდი ნაწილი უარს ამბობდა, რადგან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო ახალი, ე. წ. აფხაზური პასპორტების გაცემაც. მის მისაღებად გალელებმა უარი უნდა თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. სწორედ ამის გამო, მოქალაქეების ნაწილი „ფორმა №9“-ით სარგებლობდა.

აფხაზური მედიასაშუალებების შარშანდელი მონაცემებით, გალის რაიონში მცხოვრები 30 ათასამდე ადამიანიდან 5 ათასს ჰქონდა „ფორმა №9“, 1049-ს „აფხაზური პასპორტი“ და 19 707-ს - „ბინადრობის მოწმობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG