Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიმა დროშის “შებღალვისთვის” - ღირებულებების დაცვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?


ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ეს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენოს.

ათასლარიანი, განმეორების შემთხვევაში კი - ორიათასლარიანი ჯარიმა, ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა - 13 იანვრიდან სწორედ ასე დაისჯება ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა.

83 მომხრე, 2 წინააღმდეგი - 30 დეკემბერს, წლის ბოლო სხდომაზე პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ევროინტეგრაციის და ღირებულებების დაცვა?

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ჩაშლისა და 53 ჟურნალისტის ცემის შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს, დაწვეს და აღმართეს ჯვარი, რომელიც დღემდე ხელუხლებელია.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დროშა მალევე თავის ადგილას პირადად დააბრუნა. თან თქვა, რომ მისაღებია კანონი ევროკავშირის და საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორების სიმბოლოების „შებღალვისგან“ დასაცავად და პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი წარუდგინა.

კანონის „მიზანია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელთა წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა, რომლებთანაც საქართველოს აქვს ასეთი ურთიერთობები“, - წერია განმარტებით ბარათში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, მარი კაპანაძე „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ კანონპროექტი „ფასადურია, ევროპული ღირებულებების დაცვა კი, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვას გულისხმობს.

„ნაჭრის და სიმბოლიკის დაცვა ცალკე აღებული არაფრის მომცემია, თუკი შენ არ იცავ იმ იდეებს, რომელიც მის მიღმა დგას“, - ამბობს იგი.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლებას მართლაც სურს ევროინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების დაცვა, მაშინ მან პირველ რიგში უნდა დასაჯოს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და შეასრულოს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები.

„მათი რეკომენდაცია არ ყოფილა, რომ მათი დროშა დავიცვათ, მათი რეკომენდაცია იყო, რომ ჩავატაროთ სასამართლო რეფორმა და გვქონდეს დემოკრატიული ინსტიტუტები“.

კანონი არ იცავს იმ ქვეყნების სიმბოლიკას, ვინც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას („დაუცველები“ რჩებიან, მაგალითად, რუსეთი, ვანუატუ, ვენესუელა).

ბუნდოვანი განმარტება

სახელმწიფო არ აერევა იმაში, თუ რას უზამს მოქალაქე საკუთარ დროშას. საუბარია მხოლოდ იმ დროშებზე, „რომელიც აღმართულია, ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე/ში“ და მათ წინ.

მარიამ კაპანაძე ამბობს, რომ ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან დროშა „სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთამდეა დავიწროვებული“, მაგრამ, ამავდროულად, უჩნდება კითხვა - „რა არის შებღალვა?“

მისი თქმით, ამ კანონპროექტის ყველაზე დიდი პრობლემა ამ სიტყვის „ბუნდოვანებაშია“.

მარი კაპანაძის თქმით, სხვადასხვა კანონში არსებულ ბუნდოვან ფორმულირებებს ხელისუფლება უკვე იყენებს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

მაგალითად, „თბილისი პრაიდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი თაბაგარის საქმეში.

5 ივლისს სატალეფონო საუბრისას, პოლიციელის გინების გამო პროკურატურა მისთვის 15-დღიან პატიმრობას ითხოვდა.

მოსამართლემ მაშინ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას დასჯერდა. თაბაგარის ინტერესებს GDI იცავდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა „გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“.

მარიამ კაპანაძის თქმით, თაბაგარის შემთხვევა ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

„მანამდე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამის გამო, ამ კანონის საფუძველზე შეიძლება ადამიანი დაესაჯათ… ამ ჩანაწერის იდეაა, რომ ხელი არ შეუშალო პოლიციას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში და არ შექმნა ადგილზე ფიზიკური ძალადობის საფრთხე“.

შებღალვა „საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინია და ბევრნაირად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა“. სწორედ ამ ბუნდოვანების გამო იგი შიშობს, რომ ხელისუფლებამ ეს კანონპროექტიც შეიძლება გამოიყენოს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

***

განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ უცხო ქვეყნების დროშებს კანონი იცავს ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში.

ბუნდესტაგმა კანონი ევროკავშირის და სხვა ქვეყნების დროშის დაცვის შესახებ 2020 წლის მარტში მართლაც მიიღო. გერმანელი კანონმდებლების ნაწილი მას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა უმრავლესობა იმაზე თანხმდებოდა, რომ დროშის დაწვა „სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად“ შეიძლება შეფასდეს.

არც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და არც მის განმარტებით ბარათში სიტყვა „სიძულვილი“ ერთხელაც არ არის ნახსენები.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG