Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Tesla-ს აკრიტიკებენ შოურუმის გახსნისთვის ჩინეთის სინიანის რეგიონში


ილონ მასკი
ილონ მასკი

აშშ-ის ელექტრონული მანქანების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს აკრიტიკებენ შოურუმის გახსნისთვის ჩინეთის სინიანის რეგიონში, სადაც ოფიციალურ პირებს ადანაშაულებენ მკვიდრი, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის უფლებების მძიმე დარღვევაში.

Tesla-მ, რომელსაც ხელმძღვანელობს მილიარდერი ილონ მასკი, საახალწლოდ გამოაცხადა, რომ შოურუმს ხსნის სინიანის დედაქალაქ ურუმჩიში - ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სინიანიდან იმპორტის განმახორციელებელი ფირმებისგან მოითხოვს წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ საქონელი იძულებითი შრომით არ არის წარმოებული.

აშშ, დასავლეთის სხვა ქვეყნები და ადამიანის უფლებების დამცველები ჩინეთს ბრალს სდებენ უიღურების და სხვა, ძირითადად მუსლიმი ჯგუფების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში სინიანის რეგიონში, მასობრივი დაკავებების, იძულებითი შრომის, მოსახლეობის კონტროლის და უმცირესობების რელიგიის და კულტურის ჩახშობის გზით. პეკინი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "ხელახალი განათლების ბანაკებს" ამუშავებს, ისლამისტურ ექსტრემიზმთან საბრძოლველად რესურსებით მდიდარ ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში.

რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო - რომელიც კანონის ავტორია - 3 იანვარს ტვიტერით გამოეხმაურა Tesla-ს გადაწყვეტილებას: "სახელმწიფო კუთვნილების გარეშე არსებული კორპორაციები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ეხმარებიან დამალოს გენოციდი და მონური შრომა რეგიონში", - დაწერა მან. ამერიკულ-ისლამური კავშირების საბჭომ Tesla-ს მოუწოდა შოურუმი დახუროს და "შეწყვიტოს ქმედება, რომელიც უტოლდება გენოციდის ეკონომიკურ მხარდაჭერას".

Tesla-ს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია საპასუხო განცხადება.

XS
SM
MD
LG