Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ATP CUP-ის ჯგუფში სამივე თამაში წააგო


საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო სანაკრებო ტურნირზე - ATP CUP-ზე, ოთხგუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ქართველმა ჩოგბურთელებმა პირველ ტურში არგენტინასთან წააგეს, შემდეგ - პოლონეთთან და ბოლოს - საბერძნეთთან.

ავსტრალიაში მიმდინარე შეჯიბრებაზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად იყო გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილიც, მაგრამ მან სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი ჩაატარა სრულად. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეორე ადგილზე მყოფმა ქართველმა დეკემბერში გადაიტანა კოვიდი და ჯერ არათუ ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას, სათანადოდ დატვირთვასაც ვერ ახერხებს. არგენტინელ დიეგო შვარცმანთან შეხვედრაში ბასილაშვილმა ორ სეტში მხოლოდ სამი გეიმი აიღო (1:6 2:6). პოლონეთთან მატჩი გამოტოვა. ბერძენ სტეფანოს ციციპასთან თამაში კი ოცდახუთ წუთში შეწყვიტა, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემის და სამედიცინო პაუზის შემდეგ.

ქართული ჩოგბურთის ქომაგებისთვის 2022 წლის ATP CUP-ის თამაშებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საკვალიფიკაციო წრის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ალექსანდრე ბაკშისა (974) და ალექსანდრე მეტრეველის (570) წყვილმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვა სტეფანოს ციციპასისა (4) და მიხაილ პერვოლარაკისის (399) წყვილთან - 4:6, 6:3, 16:14. საქართველოს ნაკრები ამ მოგებამდე საბერძნეთთან ორქულიანი სხვაობით (0:2) მარცხდებოდა და წყვილების დაპირისპირებამ საბოლოო შედეგი ვერ შეცვალა - 1:2.

XS
SM
MD
LG