Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი კორუფციონერთა და ადამიანის უფლებების დამრღვევთა „შავი სიის" შექმნის იდეით გამოდის


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის „შავი სიის“ შექმნის იდეით გამოდის, რომელშიც კორუფციონერები და ადამიანის უფლებათა დამრღვევები შევლენ, მათ შორის, ექსპრეზიდენტი სიაში მოიაზრებს მოსამართლეებსა და პროკურორებს.

„ის მასშტაბი უკანონობის, რომელიც ახლა ხდება, განპირობებულია ძირითადად დაუსჯელობის სინდრომით. მე გთავაზობთ, დავუბრუნდეთ კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის" იდეას. ის ადამიანები, ვინც იარაღი ჩაუდო არჩევნების პერიოდში ყოფილ პოლიციელებს, ვინც მოიპარა დიდი რაოდენობით ხალხის საბიუჯეტო ფული, ვინც გაყალბებით შეკერა კარტოგრაფების საქმე, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა შეიყვანონ ამ სიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, რომელიც მათი დანაშაულის შემადგენლობას მოიკვლევს, მტკიცებულებებს მოაგროვებს და ამის შემდეგ ჩვენ ეს საჯაროდ უნდა გამოვაქვეყნოთ, ასევე, უნდა მივმართოთ, დასავლეთის საელჩოებს, არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები, - აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში, რომელშიც ექსპრეზიდენტი აზუსტებს, - ამ ხალხის: მოსამართლეების, პროკურორების, თანამდებობის პირების, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის დამაქცევლებსა და თითოეული ქართველის კეთილდღეობის მტერზე“.

ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ჟურნალისტებს უკვე საკმარისი მასალები აქვთ შეგროვებული. მისი აზრით, უნდა შეიქმნას სპეციალური საიტი და გამოქვეყნდეს „საბრალდებო დასკვნა“.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ამავე დღეს ექსპრეზიდენტმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა კი "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე", სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც. ადვოკატების თქმით, ეს იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

20 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა ისევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია. მმართველი პარტიის განცხადებით, მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროცესი ციხეში დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე დასრულდა და მისი ყოფნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღარ იყო საჭირო.

XS
SM
MD
LG