Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.

ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მივხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის", - ნათქვამია სააკაშვილის წერილობით განცხადებაში.

ექსპრეზიდენტი მიუთითებს ნურსულთან ნაზარბაევის არაფორმალური მმართველობის შესახებ. „უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დემონსტრანტები რამდენიმე ქალაქში შეიჭრნენ სამთავრობო დაწესებულებების შენობებში. მოხდა ხალხის შეტაკებები პოლიციასთან და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. პრეზიდენტმა ტოყაევმა მიიღო კაბინეტის გადადგომა.

ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

გამოსვლები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაზარბაევის მიერ შექმნილ რეჟიმს. თავად ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და თავის ერთგულ ტოყაევს შეუწყო ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაში.

XS
SM
MD
LG