საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან. უწყები ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულომ დახმარება გაუწია საქართველოს 8 მოქალაქეს:
- ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის „ილორის“ ოთხმა წევრმა. მათგან ერთ-ერთმა, ბაჩანა მელაშვილმა 5 იანვარს ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დახმარებას ითხოვდა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომეტრის მოშორებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
- საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთში ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყება მოქალაქეებს შეახსენებს ცხელი ხაზის ნომერს [ +7 (717) 224-32-58 ], რომელზეც ყაზახეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დარეკონ და ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართს [ astana.emb@mfa.gov.ge ], რომლითაც ასევე საკონსულოსთან დაკავშირებაა შესაძლებელი. მიმდინარე პროცესების ფონზე, სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი ყაზახეთის რიგ ქალაქებში შეფერხებით მუშაობს.
დაწერეთ კომენტარი